logo
ENG



ადამიანები საოკუპაციო ხაზთან - ოლია ბიწაძე, სოფელი ერგნეთი

31 დეკ 202017:36
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/31/1bms2z9oud8hj98.jpg
Formula/Vakho Kareli

ოლია ბიწაძე, 79 წლის. სოფელი ერგნეთი

"სოფელში პრობლემების მეტი რა გვაქვს? სულაც პრობლემებში არა ვართ? რითი ვართ გახარებულები, აი, რითი?! არც მაღაზია გვაქვს, არც აფთიაქი - ჩვენთვინ არაფერი არსებობს. ჩვენი სოფელი ტრანსპორტის მხრივაც ძალიან ჩამორჩენილია, პანდემიამდეც გვქონდა ეს პრობლემა. ოჯახში ერთი პატარა რაღაცა რომ დაგჭირდეს, მანქანა თუ არ გყავს, მთელი დღე უნდა გზაზე იდგე, ისიც, ან წაგიყვანს ვინმე, ან - არა. ვიცი, რომ ბევრი ავტობუსი შემოიყვანეს თბილისში, თბილისი იქნებოდა თუ სხვაგან სადმე, ნამუშევარი მანქანები ხომ არის და ერთი ძველი ავტობუსი რომ დაენიშნათ, გორიდან ერგნეთამდე  რომ ამოსულიყო მანქანა.

შვილო, ვიღაცა მაინც უნდა გვკითხულობდეს ჩვენ, რომ სოფელია, ხალხი ვიყავით და ვცხოვრობდით, ახლა ამას თუ ცხოვრება ჰქვია, რა ვიცი. ვინმემ გვიკითხოს, ან რა გიჭირთ, ან, რა გილხინთ, ან როგორა ხართ...  ჩვენთვინ არავინ არ არი. სოფლიდან ბევრი წავიდა. აი, მიიხედ-მოიხედეთ, თუ ვინმეს ხედავთ კაციშვილს.

მე, შვილო, აღარაფრის იმედი აღარ მაქვს, კარგად თუ შეიცვლება რამეი. არა მაქვს მაგის იმედი, ტყუილებს ვერ ვიტყვი. იმედი გადაწურულია, რადგან თვალით ბევრ რამეებსა ვხედავ. გულჩათხრობილი ვარ, გატვრენილი ვარ, არაფერს ვიძახი, მაგრამ არა ვარ ბედნიერი. აი, მარტო მაშინ ვხარობ, ჩემს შვილებს, შვილიშვილებსა და შვილთაშვილს რომ ვუყურებ.

საახალწლოდ რას ვისურვებდი? ძალიან კაი ქვეყანას, მდიდარ ქვეყანას ვისურვებდი. მთელმა ქვეყანამ გაიხაროს და მთელი ქვეყანა ისეთ კარგ პირობებში დამდგარიყოს, რომ თავიანთ თავებს თვითონ დანატროდნენ. სხვა რა ვუსურვო, შვილო?! კარგობის მეტს არაფერს ვუსურვებ."

 ავტორი: ვახო ქარელი


close დახურვა