ადამიანის უფლებათა ცენტრი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ მდგომარეობაზე გაცხადებას აქვეყნებს, სადაც ოკუპანტების მიერ უკანონო ბორდერიზაციის შედეგად არსებულ მძიმე ვითარებაზეა საუბარი. ადგილობრივი მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები ამ დრომდე ოკუპირებულია და მოქალაქეებს მათზე წვდომა არ აქვთ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებას არათანმიმდევრული და ადამიანის უფლებათა პრინციპებთან შეუსაბამო პოლიტიკა აქვს ოკუპაცისთან მიმართებაში.
"ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დაკარგეს წვდომა მიწაზე, რომელსაც წლების განმავლობაში ამუშავებდნენ და მათი შემოსავლის მთავარი წყარო იყო. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები გაესაუბრნენ ტახტისძირში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. მათი ინფორმაციით, დაახლოებით ჰექტარზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელსაც ისინი ათწლეულების განმავლობაში ამუშავებდნენ და მოჰყავდათ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნო კულტურები, სრულიად მოექცა მავთულხლართებს მიღმა. ეს მიწის ნაკვეთები იყო ოჯახებისთვის შემოსავლის მთავარი წყარო. მათი ინფორმაციით, ბორდერიზაციის ფაქტამდე, მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით, მათ მიმართეს საჯარო რეესტრს, მაგრამ უარი ეთქვათ რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტაზე იმ მიზეზით, რომ მიწა საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობდა. ოჯახისთვის სახელმწიფოს არ შეუთავაზებია სხვა სანაცვლო მიწა ან კომპენსაცია დაკარგულ მიწასთან დაკავშირებით.
"აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფოს არათანმიმდევრულ და ადამიანის უფლებათა პრინციპებთან შეუსაბამო პოლიტიკას საოკუპაციო ხაზთან ახლომდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაციის, საკუთრების უფლების დაცვისა და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მის დაუბრკოლებლად გამოყენებასთან დაკავშირებით. ამ მხრივ, ასევე საყურადღებოა ილია ბერუაშვილის შემთხვევა, რომლის მიწის ნაკვეთი სოფელ დიცში, გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ილია ბერუაშვილის 2018 წელს უარი უთხრა მიწის რეგისტრაციაზე. სააგენტომ უარის მიზეზად დაასახელა სასოფლო-სამეურნეო მიწის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობა, რაც ფაქტობრივად არასწორ ინფორმაციას წარმოადგენს, რადგანაც აღნიშნული მიწა არ არის ოკუპირებული. ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარების შედეგად, საქართველოს საერთო სასამართლოებმა მოქალაქის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანეს და საჯარო რეესტრს ილია ბერუაშვილისთვის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირება დაავალეს[i].
"ადამიანის უფლებათა ცენტრმა იურიდიული დახმარებით უზრუნველყო მოქალაქე კიდევ ერთ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ბორდერიზაციასა და საოკუპაციო ხაზთან ახლომდებარე მიწით სარგებლობის საკითხებს უკავშირდება. საქმე შეეხება სოფელ ახრისში, გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან ახლომდებარე მიწის ნაკვეთს, რომელზეც ადგილობრივმა მაცხოვრებელმა მესაკუთრემ წვდომა დაკარგა 2012 წელს სოფელში მავთულხლართებს გავლების გამო. შედეგად, მას წაერთვა აღნიშნული მიწის დამუშავებისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, შემოსავლების სამსახური მოქალაქეს აკისრებდა ქონების გადასახადს აღნიშნულ მიწაზე. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული დახმარების შედეგად, სახელმწიფომ მოუხსნა მას ქონების გადასახადი. ამჟამად, ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართული აქვს სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოებისათვის, რათა აღნიშნული პირი უზრუნველყოფილი იქნას ალტერნატიული ფართით სხვა ტერიტორიაზე",-აღნიშნულია განცხადებაში.