მოქალაქე მარიტა გუტაშვილი ფორმულასთან ინტერვიუში ამბობს, რომ შოვში სტიქიის ზონიდან მისი 10-მდე ოჯახის წევრი და ახლობელი ამ დრომდე არ გამოუყვანიათ.
მარიტა გუტაშვილის თქმით, მისთვის და სხვა დაკარგულების ოჯახის წევრებისთვის ოფიციალურ პირებს სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუწოდებიათ.
"ამ დრომდე დაკარგულია ჩემი და - მეგი გუტაშვილი, ჩემი ძმა - გიგი გუტაშვილი, დეიდაჩემი - შორენა ბიჭაშვილი, მისი ორი შვილი - მარიამ და კოტე მაისურაძეები და არის კიდევ ერთი გოგო, ჩვენი ბიძაშვილი სამი პატარა ბავშვით - 2-დან 7 წლამდე ბავშვებით. ამ დრომდე არავინ გამომხმაურებია, აქ მდგომები რომლებიც არაფერს აკეთებენ და ვერანაირ ინფორმაციას ვერ გვაწვდიან. მათ არ იციან რა ხდება ზემოთ, არ იციან სიტუაცია" - განაცხადა მოქალაქემ.
ის შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, გააკეთონ საგანგებო განცხადება და განმარტონ, რატომ დაიწყეს სამაშველო ვერტმფრენებით ჯერ იმ ადამიანების გადმოყვანა ვინც, მისი თქმით, უსაფრთხო ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
- თუ ფლობთ დაკარგული ადამიანების შესახებ ინფორმაციას, დარეკეთ ცხელ ხაზზე, ნომერზე : 598 913 089 ან 112-ში.
დღეს კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.
ადგილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთი მოქალაქე ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ჯერ კიდევ ეძებს და მათთან კონტაქტზე ვერ გადის.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გზების გაწმენდის სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია და ხვალ დილიდან გაგრძელდება.
სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ.
შსს-ის ცნობით, შოვში სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონიდან 70-მდე მოქალაქე გამოიყვანეს და უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
კურორტ შოვში მეწყერს 2 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია ფორმულას შსს-მ დაუდასტურა.