logo
ENG



ადვოკატი: ბაჩალიაშვილის მშობლების დნმ-ი აიღეს, ახლა იწყება გამოძიება

19 აგვ 202018:07
3 წუთის საკითხავი
clock 611

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ დღეს, 19 აგვისტოს, ბაჩალიაშვილის მშობლებმა დნმ-ის ანალიზი აიღეს, რომელსაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის დნმ-ს შეადარებენ. მისი განცხადებით, ხვალიდან სოფელ მაწევანში, ​საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდება და ყველაფერს ძალიან დიდი ყურადღება მიექცევა.

ადვოკატის განცხადებით, ხვალ, 20 აგვისტოს, პროკურატურაში სათვალთვალო კამერების ჩანაწერებსაც გაეცნობიან.

"მოხდა დნმ-ის აღება. ამავდროულად ხვალ გავდივართ შემთხვევის ადგილზე, სადაც უნდა მოხდეს ექსპერიმენტის ჩატარება. ხვალ დღის განმავლობაში მივალ პროკურატურაშიც, სადაც სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ნახვა მოხდება. გავეცნობით, საქმის მასალებს. შემდეგ ისევ ექსპერიმენტის ადგილს დავუბრუნდებით. იწყება საქმის მასალების ინტენსიური გაცნობა. ექსპერიმენტები ჩატარდება ძალიან ინტენსიურად და ყველაფერს მიექცევა ძალიან დიდი ყურადღება.

ახლა იწყება გამოძიება. ამ ერთი თვის განმავლობაში რა ზიანიც მიადგა გამოძიებას, და რაც დააკლდა გამოძიებას, პასუხისმგებლობაც მაგათზე იქნება, რომ ყველაფერი გამოსწორდეს და დაგვიანების შედეგად ყველაფერი აღმოიფხვრას", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება პროკურატურაში გრძელდება. უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც გენერალური და თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამსახურების გამოცდილი კადრებით დაკომპლექტდება.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს


close დახურვა