დღეს საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების საქმეებზე იმსჯელებენ. საუბარია ირაკლი ოქრუაშვილზე, ზურაბ ბუდაღაშვილზე, ბესიკ თამლიანსა და კიდევ ორ ბრალდებულზე.
როგორც ბრალდებულების ადვოკატი ვახო იაშვილი ვარაუდობს, დღეს მოსამრთლე „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის მოწმეების დააკითხვას დაასრულებს. ოქრუაშვილი სხდომაზე პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდება.
„მე ვიცავ ირაკლი ოქრუაშვილს, ვატო გელაშვილს, ბესიკ თამლიანს, ბატონ ზურაბ ბუდაღაშვილს. ოთხივე და ისევე როგორც სხვა პირები, რომელნიც 20 ივნისის საქმეზე არიან დაკავებულები, არიან პოლიტიკური დევნილები. გამოხატეს პროტესტი, დაიცვეს სახელმწიფოს ინტერესი და ღირსება. ამ თავისუფლების ჩახშობის მიზნით მოიგონეს ეს საქმე, რომელსაც გავრილოვის ღამის საქმე ქვია“, - განაცხადა იაშვილმა.
სასამართლო სხდომების პარალელურად „სირცხვილიას" აქტივისტები საქალაქო სასამართლოს ეზოში „გავრილოვის პატიმრების" მხარდამჭერ აქციას გამართავენ.
„ათ საათზე ვიკრიბებით საქალაქო სასამართლოს ეზოში, რათა გავაპროტესტოთ პირველ რიგში ის ფაქტი, რომ საქართველოში გყვავს პოლიტიკური პატიმრები და პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანები. ისინი იდევნიან იმისთვის, რომ 20 ივნისს გააპროტესტეს საქართველოში ანტისაოკუპაციო კანონის დარღვევით სერგეი გავრილოვის შემოშვება და პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დასმა“, - განაცხადა მოძრაობის აქტივისტმა ნოდარ რუხაძემ.
შეგახსნებთ, რომ 20-21 ივნისის ღამით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ ბესიკ თამლიანს და მასთან ერთად დაკავებულებს, გამოძიება სისხლის სამართლის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს და სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ზურაბ ბუდაღაშვილი აცხადებდა, რომ ოპოზიციის ლიდერების, გიგი უგულავასა, ნიკა მელიას და ირაკლი ოქრუაშვილის, წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ და სწორედ ამიტომ გადაიყვანეს სამარტოო საკანში.
რაც შეეხება ოქრუაშვილს, ის 20 -21 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის საფუძველზე დააკავეს. ეს მუხლები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს.
გავრილოვის ღამე: 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური აქციები მოყვა.
20-21 ივნისს ხელისუფლებამ აქცია პოლიციელების, სპეცრაზმისა და სპეციალური ტექნიკის საშუალებით დაარბია. აქციის დაშლისას გმაოყენებული იქნა რეზინის ტყვიები, რომელთაშესახებ ინფორმაციას ხელისუფლება ამ დრომდე მალავს. ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით გადაიყვანეს სავადმყოფოებში. მაკო გომურმა და გიორგისულაშვილმა კი თვალი დაკარგეს - ისინი თითქმის 6 თვის შემდეგ ცნეს დაზარალებულებად.
აქციების მიმდინარეობისას გაჟღერდა სამი მთავარი მოთხოვნა - იმდროინდელი შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარება და აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლება. გახარია პრემიერ მინისტრად დაწინაურეს, ხოლო მმართველმა გუნდმა და პირადად, მისმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება მისცა. თუმცა, „მაჟორიტარი დეპუტატების ამბოხის“ შედეგად, საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტი პარლამენტმა ჩააგდო.
ამის შემდეგ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციები განახლდა. აქციის მონაწილეებს ერთადერთი მოთხოვნა ქონდათ - არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარება. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით, დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ მეოთხე რაუნდისა და „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგი უგულავას დაკავების შემდეგ, შემდეგ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და ოპოზიცია ხელისუფლების შეთავაზებას 100/50-ზე არ თანხმდება. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ მათი საბოლოო შეთავაზებაა 100 პროპორციული გზით და 50 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული დეპუტატი.