ადვოკატ შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
როგორც მან ფორმულას ეთერში თქვა, სააკაშვილის გადაყვანის შესახებ ინფომაცია არც მათ ჰქონდათ.
"ღამით მიეპარნენ და ავადმყოფი ადამიანი უბრალოდ გაიტაცეს ჰოსპიტლიდან. ჩვენთვის ინფორმაციის წყარო იყო იგივე, რაც თქვენთვის - ადგილობრივი მოსახლეობა. ამ დრომდე უცნობია სად გადაჰყავთ, თუმცა დიახ, სავარაუდოდ, გადაჰყავთ რუსთავის ციხეში", - ამბობს ადვოკატი.
მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან, სავარაუდოდ, რამდენიმე წუთის წინ გადაიყვანეს. ამ დრომდე სახელმწიფო უწყებებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.
როგორც დღის განმავლობაში ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები და თანაპარტიელები ამბობდნენ, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
რამდენიმე საათის წინ მიხეილ სააკაშვილი ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა. გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ საბა ბრაჭველმა თქვა, რომ 27 დეკემბერს სააკაშვილის ახალ დიაგნოზი დაუსვეს. მან დიაგნოზი არ გაახმაურა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატს სურს, რომ მისი კონსილიუმის წევრებმაც შეაფასონ პაციენტის მდგომარეობა და დადონ დასკვნა პაციენტის საჭიროებების შესახებ.
27 დეკემბერს ღამით ცნობილი გახდა, რომ გორის ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას აპირებდნენ.
პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სამედიცინო პერსონალმა სააკაშვილის კლინიკიდან გაწერის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა აღელვების ფონზე ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის გამოც გადაყვანის ღონისძიება დროებით გადავადდა.
სააკაშვილი ამბობს, რომ მის ციხეში გადაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ.
19 ნოემბერს 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მისი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო.