logo
ENG



ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე არ გადაჰყავთ

10 ნოე 202112:33
3 წუთის საკითხავი
 

ადვოკატ ბექა ბასილაიას ინფორმაციით, პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანაზე უარი თქვა.  

მისივე თქმით, პენიტენციური სააკაშვილის სხდომაზე დასწრებას რაიმე ფორმით არც კი განიხილავს.

"სასამართლო პროცესზე პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილი არ გადაჰყავს. გუშინ საღამოს არც კი აცნობეს, რომ სასამართლოდან იყო მოთხოვნა მოსული. სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას არა თუ არ აპირებენ, პენიტენიცური სამსახური არც კი მსჯელობს, სხვა ფორმით ხომ არ მიიღებს მიხეილ სააკაშვილი პროცესში მონაწილეობას", - თქვა ბასილაიამ. 

ადვოკატები ითხოვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პროცესი სასამართლოში ჩატარებულიყო და მას თავად დასწრებოდა.

გუშინ, 10 ნოემბერს, ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელმა დაურეკა და შეატყობინა, რომ გაკეთდება მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანის შესახებ. 

საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს 7 ნოემბრის და იმედში შეჭრის საქმეზე ედავება. მას ბრალი 2014 წლის ივლისში წარუდგინეს, აგვისტოში კი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.

ქართული ოცნების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. იმავე საღამოს მან შიმშილობა დაიწყო.

ადვოკატები და ექიმები ითხოვდნენ სააკაშვილის გადაყვანას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, ვინაიდან ციხის საავადმყოფოში არ არის საკმარისი აღჭურვილობა, ამასთან, მისი უსაფრთხოებაც არ იქნებოდა დაცული. გლდანის ციხის მე-18 საავადმყოფო შეამოწმა ომბუდსმენმაც და დაასკვნა, რომ აქ არ იყო პირობები პაციენტის მოსათავსებლად

მიუხედავად ამისა, 39-დღიანი შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მაინც გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი თავის ნივთებს ალაგებს და ციხის თანამშრომლებს თავისი ნებით მიყვება. უწყება ამტკიცებდა, რომ მისი გადაყვანა არ მომხდარა ძალადობრივად. თუმცა, ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე წუთში სააკაშვილთან შეხვედრიდან გამოსულმა ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მას მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო კლინიკაში მიჰყავდათ. 

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ უარი თქვა მანქანიდან გადასვლაზე, გადაათრიეს მანქანიდან კრიმინალების გინების ქვეშ, გაათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში.

გლდანის ციხის მე-18 საავადმყოფოში ექსპრეზიდენტს პატიმრებმა ე.წ შუმოკი მოუწყვეს - მას ერთხმად აგინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.


close დახურვა