მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, N18 დაწესებულებამ სააკაშვილს პატიმრობის კოდექსის დარღვევის გამო ზიანის ასანაზღაურებლად 70 ლარის გადახდა დააკისრა და სატელეფონო საუბრები 2 თვით შეუზღუდა.
საუბარია სააკაშვილის N18 დაწესებულებაში გადაყვანისას მისი მხრიდან სამედიცინო აპარატურის დაზიანების შემთხვევაზე. ადვოკატი ამბობს, რომ ეს განკარგულება დაუსაბუთებელი და უკანონოა, ვინაიდან არაა გათვალისწინებული ის გარემოებები, რაც წინ უსწრებდა სააკაშვილის მიერ სამედიცინო აპარატის დაზიანებას.
ადვოკატის თქმით, დაწესებულებამ სააკაშვილის მიერ აპარატისთვის ხელის კვრის მომენტი ფრაგმენტულად და კონტექსტიდან ამოგლეჯილად განიხილა და ადვოკატები ამ განკარგულებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.
„განკარგულება, რომლითაც სახდელი დაეკისრა პრეზიდენტს არის სრულიად დაუსაბუთებელი და ცხადია, უკანონო იმდენად რამდენადაც მას არ აქვს არავითარი არგუმენტაცია და მასში არ არის საქმის ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლეული. კერძოდ, არ არის გამოკვლეული მიზეზი თუ რატომ ჰკრა მიხეილ სააკაშვილმა ხელი ამ აპარატს. მიზეზი გახლავთ ის, რომ ის გაიტაცეს და მოეპყრნენ არაადამიანურად. ის შეათრიეს კამერაში და ბუნებრივია, მას ჰქონდა სრულიად ადეკვატური რეაქცია როცა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა სცადეს მისგან იძულებით ტესტების თუ ანალიზების აღება“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი.
გარდა ამისა შოთა თუთბერიძე სატელეფონო ზარების შეზღუდვას ფორმალურს უწოდებს, ვინაიდან სააკაშვილი ამ დრომდე ტელეფონით ისედაც ვერ სარგებლობდა.
„სატელეფონო ზარების შეზღუდვის გადაწყვეტილება გახლავთ ტრაგიკომიკური მე ვიტყოდი, იმიტომ რომ ის ტრაგიკულია იმდენად რამდენადაც სრულიად უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი, ხოლო კომიკურია იმდენად რამდენადაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით რომ მიხეილ სააკაშვილს ისედაც არ აძლევენ ტელეფონით სარგებლობის უფლებას. ამას უბრალოდ ფორმალური გაფორმებისა და სახდელის სახე მისცეს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.