საქალაქო სასამართლო დღეს „მთავარი არხის“ მეწილის გიორგი რურუას საქმეზე იმსჯელებს, პროცესზე მოწმეების დაკითხვა გაგრძელდება. გიორგი რურუა ერთ-ერთია, რომლის გათავისუფლებასაც ოპოზიცია დღემდე ითხოვს.
„მთავარი არხის“ მეწილის ადვოკატის თქმით, რურუას იარაღი მხოლოდ იმიტომ ჩაუდეს, რომ ის კრიტიკული ტელევიზიის დამფუძნებელია. დიტო საძაგლიშვილის განმარტებით, რურუა უდანაშაულოა და ის მმართველი გუნდის პოლიტმატიმარია.
„დღეს გიორგი რურუას საქმის განხილვა გაგრძელდება. დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები, პოლიციელები, რომლებიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში. ჩვენი მიზანია, თითოეული მოწმის დაკითხვისას გამოვააშკარავოთ, რომ გიორგი რურუა არ არის დამნაშავე, მას ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს, რადგან ის არის „მთავარი არხის“ მეწილე და ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტიური მონაწილე და მხარდამჭერი“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რურუა იარაღის უკანონო-შეძენა-ტარების ბრალდებით 18 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, დააკავეს.