logo
ENG



ადვოკატი: სააკაშვილის გადაყვანა ციხესთან არსებულ საავადმყოფოში არის უბრალოდ შეუძლებელი

22 ოქტ 202112:25
3 წუთის საკითხავი
clock 879

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, ექსპრეზიდენტის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა შეუძლებელია. 

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ყველა მსჯავრდებულის უფლებაა, მოითხოვოს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა.

"მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ციხესთან არსებულ საავადმყოფოში არის უბრალოდ შეუძლებელი. ის არ არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის კაპრიზი. ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ იმას, რაც ეკუთვნის ყველა მსჯავრდებულს, მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტს - ეს არის მისი გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც მას ექნება ღირსეული სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა", - თქვა ადვოკატმა. 

ის ასევე გამოეხმაურა იუსტიციის სამინისტროს განცხადებას იმის თაობაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში,  სააკაშვილს ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ეს განცხადება ხელისუფლების კაპრიზის დაკმაყოფილებას ემსახურება.

"იუსტიციის სამინისტროს განცხადება იმაზე, რომ პრეზიდენტს გადაიყვანენ თურმე გლდანის ციხესთან არსებულ საავადმყოფოში არის უბრალოდ აბსურდი, არ აქვს დასაბუთება და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების კაპრიზის დაკმაყოფილებას", - თქვა შოთა თუთბერიძემ. 

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ თუ მიხეილ სააკშვილის ჰოსპიტალიზაცია საჭირო გახდება, მას პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ. 

სააკაშვილის ადვოკატები ამას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ვერ იქნება.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 22-ე დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად რამდენიმე დღის წინ ციხეში ექიმთა ჯგუფი იმყოფებოდა. მათ პრევენციული ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცეს. 

სააკაშვილი მედიკამენტოზურ ჩარევაზე თანახმაა, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. 

 


close დახურვა