logo
ENG



ადვოკატი: სააკაშვილს ნებისმიერ დროს შეიძლება დასჭირდეს გადაუდებელი დახმარება, ის მძიმედაა

18 ნოე 202116:01
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები მიხეილ სააკაშვილს გლდანის ციხის საავადმყოფოში შეხვდნენ. 

როგორც ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა პენიტენციური სამსახურის დატოვების შემდეგ განაცხადა, სააკაშვილის მდგომარეობა არის მძიმე და მას შესაძლოა, ნებისმიერ დროს დასჭირდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, რომლის რესურსიც, საძაგლიშვილის თქმით, გლდანის ციხის საავადმყოფოში არ არსებობს. 

"მიხეილ სააკაშვილი არის სუსტად. ჩვენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოვისმინეთ საკმაოდ კვალიფიციური შეფასება გუშინ ექიმების მხრიდან და ასევე მოვისმინეთ ის, რომ ახლა, ნებისმიერ მომენტში, შეიძლება სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდეს კრიტიკულად და საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევა, რომლის რესურსიც ამ "სამკურნალო დაწესებულებაში" ფიზიკურად არ არსებობს", - ამბობს ადვოკატი. 

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 49-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. 

10 ნოემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ექსპრეზიდენტის ადვოკატების მიერ მოთხოვნილი დროებითი ზომა. ECHR-მა სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ამასთან, მიუთითა, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და უნდა უზრუნველყოს მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში. 

სააკაშვილი ამბობს, რომ შიმშილობას გარკვეული პირობების საფუძველზე შეწყვეტს, ერთ-ერთი კი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა, სადაც რეაბილიტაციის გავლას სათანადოდ შეძლებს. მისი პირადი ექიმი და ადვოკატები აღნიშნავენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში სათანადო მკურნალობას ვერ იღებს, პაციენტის მდგომარეობა კი დღითიდღე უარესდება. 

სახალხო დამცველმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის ექსპერტთა ჯგუფი შექმნა, რომელსაც მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა უნდობლობა უკვე გამოუცხადეს. 

კონსილიუმის წევრი ექიმების თქმით, ისინი ერთხმად შეჯერდნენ იმაზე, რომ გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფო "ცუდად აღჭურვილი არ არის", თუმცა, ის მაინც არ არის მზად იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის მსგავს პაციენტს უმკურნალოს. ექსპერტებმა შეისწავლეს დაწესებულება, მისი აღჭურვილობა და პეროსნალსაც გაესაუბრნენ. 

"პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკო­მენ­დებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის გან­ყო­ფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს", - აღნიშნულია დასკვნაში.


close დახურვა