logo
ENG



ადვოკატი - ყოველ ჯერზე მოვითხოვთ რურუას უკანონო პატიმრობის დასრულებას

25 ივნ 202017:51
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში "მთავარი არხის" მეწილის, გიორგი რურუას სასამართლო პროცესი გრძელდება. მას შემდეგ, რაც მოსამართლემ რურუას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, პროცესი მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა.

დღეს ჩვენებას ორი სამართალდამცველი მისცემს. მათგან ერთი საქმის მასალების თანახმად ის პირია, ვინც რურუას სახლში ჩხრეკაზე იმყოფებოდა, თუმცა როგორც დაცვის მხარე, ასევე ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სახლში ჩხრეკაზე არავინ ყოფილა. რაც შეეხება მეორე სამართალდამცველს, ის თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი, გაგა კირკიტაძეა. მოწმეთა დაკითხვის შემდეგ, პროცესზე ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება.

„დაიკითხება პოლიციის ორი თანამშრომელი და ასევე მოხდება საქმეში არსებული ვიდეო მასალის გამოკვლევა, რომელიც უტყუარად ადასტურებს პოლიციელთა მხრიდან დანაშაულის ჩადენას, როდესაც მათ გიორგი რურუას საკნიდან აიღეს ნივთები და გააყალბეს საპროცესო დოკუმენტები და ასევე აუდიო ჩანაწერის გამოკვლევა, რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ გამომძიებელმა უბრალოდ მოატყუა ადვოკატი, როდესაც შეუთანხმდა ორშაბათს ციხეში ერთად შესვლაზე და სინამდვილეში პარასკევს ჩუმად შევიდა ციხეში, რომ საპროცესო საგამოძიებო მოქმედებაში არ მიეღო ადვოკატს მონაწილეობა. ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ და ყოველ ჯერზე მოვითხოვთ გიორგი რურუას უკანონო პატიმრობის დასრულებას. საფუძველი არის ის, რომ პროცესი გადის ბოლოში, დაკითხულია არა მხოლოდ ბრალდების მხარის, არამედ დაცვის მხარის მოწმეთა მნიშვნელოვანი ნაწილიც იქნა დაკითხული და ამიტომ, აღარ არსებობს მისი პატიმრობაში ყოფნის საფუძველი“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ მეწილე გასული წლის 18 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. რურუა დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იარაღი სამართალდამცველებმა „ჩაუდეს“. დღემდე ადვოკატებმა რურუას გათავისუფლება რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარი შუამდგომლობა არცერთ შემთხვევაში არ დააკმაყოფილა. 

მიუხედავად ოპოზიციის, სენატორებისა და ევროპარლამენტარის მოწოდებისა, მმართველი გუნდი არ აღიარებს, რომ შეთანხმებაში პატიმრების შეწყალებაზე იყო საუბარი და აცხადებს, რომ ზოგადად, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.


close დახურვა