გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის უფლებადამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. ადვოკატს მედიასთან არ დაუკონკრეტებია, რა გახდა საგამოძიებო ორგანოში მისი ვიზიტის მიზეზი. უფლებადამცველი იმედოვნებს, რომ ორშაბათს გამართულ პროცესზე, მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღკვეთის ღონისძიება შეეცვლება.
ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატ არჩილ ბერიანიძეს იმედი აქვს, რომ ორშაბათს გასამართ სასამართლო პროცესზე მის დაცვის ქვეშ მყოფს მოსამართლე მოუხსნის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას, რადგან საქმის მასალებში არ დევს არცერთი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია, რომ ვახტანგ ჩიქოვანს ბრალდება დაუმძიმდეს.
„31 ივლისს ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში არასრულწლოვანთა წინასასამართლო სხდომა, რაც შეეხება სრულწლოვნების წინასასამართლო სხდომას, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და გადადო წინასასამართლო სხდომა 1 თვით. აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის სხდომა დანიშნული არის ორშაბათს 10:30 საათზე.
ჩვენ გვექნება შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით“, - განაცხადა არჩილ ბერიანიძემ.
გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა. მის ცხედარს 22 ივნისს მიაკვლიეს მდინარე არაგვში. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით - ამ დასკვნის შემდეგ გამოძიება გადაკვალიფიცირდა და დაემატა განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში, მკვლელობის მუხლიც.
ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული.