მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოყენებაზე ულტიმატუმის ვადა იანვრის ბოლომდე გადაწია.
როგორც თუთბერიძემ განაცხადა, თუ სააკაშვილის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ის პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს.
"იმ შემთხვევაში თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მას არ გაეწევა ადეკვატური სამედიცინო დახმარება იანვრის თვის განმავლობაში, ის მიმართავს პროტესტის უკიდურეს ზომებს...მე არ მახსოვს არცერთი დარღვეული ულტიმატუმი ან დაპირება მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც გაურბიან ობიექტური სასამართლოს ჩატარებას. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ძალიან სერიოზულად აღიქვამს მის თითოეულ განცხადებასა თუ მოსაზრებას”, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.
ამასთან, თუთბერიძე ამბობს, რომ სააკაშვილთან შეხვედრისას კონფიდენციალურობის საკითხი ისევ პრობლემად რჩება.
"ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც რჩება ხანგრძლივ პრობლემად, გახლავთ სააკაშვილთან შეხვედრისას დასაცავი კონფიდენციალურობა. ჩვენ დღესაც არ გვქონდა საშუალება, რომ გვქონოდა კონფიდენციალური კომუნიკაცია და იყო მყარი ბარიერი აღმართული, ასევე ვერ მოვახერხეთ წერილობითი კორესპონდენციის მიმოცვლა, რაც არის ერთადერთი ფორმა. რომლითაც ვერ გაიგებენ ჩვენი საუბრის შინაარსს", - ამბობს ადვოკატი.
3 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილს ორი მთავარი მოთხოვნა აქვს - კომუნიკაციიის აღდგენის შესაძლებლობა და მასთან დამოუკიდებელი ექიმების ჯგუფის შესვლა. თავდაპირველად ულტიმატუმის ვადად 6 იანვარი სახელდებოდა.
მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში 29 დეკემბერს გადაიყვანეს.