logo
ENG



ადმინისტრაცია: უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელი არ მიიწვიეს

01 მარ 202321:19
3 წუთის საკითხავი
 
ადმინისტრაცია: უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელი არ მიიწვიეს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 28 თებერვალს გამართულ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელი არ მიიწვიეს.

"განხილული საკითხები, რომელიც მოიცავს მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვან ტენდენციებს, და მათ შორის, "უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს", საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს, თუ საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განხილვას, ყველა შემთხვევაში, მოითხოვდა პრეზიდენტის წარმომადგენლის საბჭოზე დასწრებას", - ნათქვამია განცხადებაში.

ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა არაერთხელ დააყენა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის საკითხი, ასევე, ხაზი გაუსვა, ამ ფორმატში, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლით არსებული გამოწვევების შესწავლის აუცილებლობას, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.

მათი განცხადებით, ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამომდინარე, ძნელი გასაგებია ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის წარმომადგენლის ამ განხილვების გარეთ დატოვება.

გუშინ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა - სხდომაზე განიხილეს მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ტენდენციები, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე რუსული ომი და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. საქართველოს მთავრობის ცნობით, "განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს".


close დახურვა