ავლაბარში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა თბილისის მერიის მიერ სავაჭრო ცენტრის მშენებლობისთვის ნებართვის გაცემას აპროტესტებს.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ თუ ავლაბრის მეტროს გვერდით სავაჭრო ცენტრის მშენებლობა დაიწყება, მათი ავარიული სახლი კიდევ უფრო მეტად დაზიანდება.
მათი თქმით, ისინი წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებიან ავლაბრის მეტროს გვერდით რაიმე ტიპის შენობის მშენებლობას, თუმცა ცოტა ხნის წინ გაიგეს, რომ თბილისის მერიამ გასცა ნებართვა ადგილზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით.
პროექტის მიხედვით, სავაჭრო ცენტრი 5-სართულიანი იქნება, კერძოდ, 3 სართული იქნება მიწის ზევით, 2 კი მიწის ქვევით. მოსახლეობა ამბობს, რომ უსაფრთხოების მიმართულებით პროექტს პრობლემა ექნება და აცხადებენ, რომ არ სჯერათ მერიის წარმომადგენლების და აპირებენ, საკუთარი ექსპერტები ჩართონ საქმეში.
მოსახლეობა მოუწოდებს თბილისის მერიას, დაუყოვნებლივ გააუქმოს მშენებლობის დაწყების ბრძანება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქეთევან წამებულის 2 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა გამოვა მშენებლობის ადგილზე და საპროტესტო აქციებს გამართავს.
ადგილზე დღეს ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ისინი აცხადებენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ზონაში არსებულ ტერიტორიაზე ნებართვა თბილისის მერიამ, სავარაუდოდ, კორუფციული ინტერესების გათვალისწინებით გასცა.
"თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ამ ადგილას უნდა აშენდეს 5 სართულიანი შენობა-ნაგებობა, რომელთან დაკავშირებითაც 2019 წლიდან ისტორიული მემკვიდრეობის გამო, არ ითანხმებდა თბილისის მერია სამშენებლო ნებართვას და უცებ, კახა კალაძემ გადაწყვიტა, რომ მეტროსადგურის გვერდზე აშენდეს 5-სართულიანი შენობა-ნაგებობა, რომელიც ჩვენი აზრით, შესაძლოა უშლიდეს ხელს მეტროსადგურის უსაფრთხო ფუნქციონირებას და მათ შორის, ეს არის სავარაუდო კორუფციული ინტერესების გამო მიღებული გადაწყვეტილება, ვინაიდან სამშენებლო ნებართვა არის გაცემული კომპანიაზე, რომელიც დაკავშირებულია თბილისის მერიასთან, ისინი იყვნენ წარსულში თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები და შესაბამისად ჩვენ, ანტიკორუფციული მოძრაობა მოვითხოვთ მერიისგან, რომ შეცვალოს გადაწყვეტილება", - ამბობს ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენელი ლაშა ფარულავა.