logo
ENG



ავსტრიის კანცლერი: ვაგრძელებთ გაზის საფასურის ევროში გადახდას

27 აპრ 202214:21
3 წუთის საკითხავი
clock 776
2022/04/27/dehhi5b5f159uq2.jpg

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ავსტრია რუსულ გაზს რუბლში შეისყიდის, სიცრუეა.

 "ვიდრე აქ რუსული პროპაგანდის ყალბი ამბები გავრცელდება. რა თქმა უნდა, ავსტრიის ნავთობისა და გაზის კომპანია OMV გააგრძელებს რუსული გაზის საფასურის გადახდას ევროში. ავსტრია მკაცრად იცავს ევროკავშირის მიერ ერთობლივად შემუშავებულ სანქციებს", - წერს კანცლერი Twitter-ზე.

მანამდე, რუსულმა სამთავრობო მედიასაშუალებებმა, ასევე BBC-ის რუსულმა ბიურომ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ავსტრია რუსული გაზის რუბლში შესყიდვას დათანხმდა.

27 აპრილიდან რუსული სამთავრობო კორპორაცია გაზპრომი პოლონეთსა და ბულგარეთს ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუწყვეტს.

მარტის ბოლოს, უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას "არამეგობრული ქვეყნებისთვის" გაზის რუბლში გაყიდვის შესახებ. გაზის საფასურის გადასახდელად დასავლეთის ქვეყნებს მოუწევთ "გაზპრომბანკთან" რუბლის ანგარიშის გახსნა.

ამის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა - ლატვიამ, ლიტვამ და ესტონეთმა უარი თქვეს რუსეთიდან ბუნებრივ გაზის იმპორტზე. ასევე ევროკავშირის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები აცხადებენ, რომ უარს ამბობენ რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვერ ხედავს რუსეთისთვის სერიოზულ პრობლემებს, თუ ევროპა მასიურად უარს იტყვის რუსულ ნავთობსა და გაზზე. მისი თქმით, ქვეყანას აქვს გეგმა, თუ როგორ გამოიყენებს ის მომავალში რუსეთის ენერგო რესურსებს.


close დახურვა