logo
ENG



ავსტრიის კანცლერი უკრაინისთვის EU-ს წვერობის ნაცვლად მოსამზადებელი სივრცის შექმნას ითხოვს

05 ივნ 202218:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/05/4ppc70kzbztxtnx.jpg
Lisa Leutner / Reuters

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი აცხადებს, რომ ევროკავშირის სწრაფი წევრობის ნაცვლად უკრაინის, მოლდოვისა და მსგავსი ქვეყნებისთვის ევროკავშირთან თანამშრომლობასა და სრულ წევრობას შორის შუალედური სივრცე უნდა შეიქმნას.

ნეჰამერის თქმით, ევროპული ე.წ მოსამზადებელი სივრცის შექმნა ამ ქვეყნებს მისცემს შესაძლებლობას, ევროკავშირის სტანდარტებს მიაღწიონ, ისევე როგორც ეს ევროპის ეკონომიკური ზონისა (EEA) და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით (EFTA) ხდება.

ნეჰამერის თქმით, როცა უკრაინა ომის ფაზაშია და პოლიტიკური გადარჩენისთვის იბრძვის ევროკავშირში მისი მიღება ვერ იქნება აქტუალური.

„ჩვენ ერთი მიზანი გვაერთიანებს, ჩვენ ყველას გვინდა ძლიერი, დამოუკიდებელი და ეკონომიკურად წარმატებული უკრაინა.

ამჟამად უკრაინა საკუთარი პოლიტიკური და ტერიტორიული გადარჩენისთვის იბრძვის. ყველა ჩვენი ძალისხმევა ძირითადად რუსეთის აგრესიული ომის დასრულებისკენაა მიმართული. ამ ფაზაში ევროკავშირში სრული, სწრაფი მიღება ვერ იქნება აქტუალური საკითხი“ - განაცხადა ნეჰამერმა.

ავსტრიის კანცლერი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირის წევრობის საკითხის განხილვისას, მნიშვნელოვანია რომ დებატები ემოციების გარეშე წარიმართოს და აღნიშნა, რომ უკრაინის სწრაფად გაწევრიანება ამ ეტაპზე რეალისტური არაა.

„ჩვენ უნდა შევქმნათ ევროპული მოსამზადებელი სივრცე, რომელიც შესაძლებელს გახდის ევროკავშირთან თანამშრომლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გაძლიერებასა და ევროპული სტანდარტებთან უკეთესად ადაპტირებას“ - განაცხადა ნეჰამერმა.

კანცლერმა აღნიშნა, რომ ავსტრიამაც მსგავსი გზა გაიარა ათწლეულების განმავლობაში ვიდრე 1995 წელს ევროკავშირს შეუერთდებოდა.

ნეჰამერმა ასევე განაცხადა, რომ მხარს უჭერს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის იდეას ახალი ტიპის პოლიტიკური ევროპული საზოგადოების შექმნისთვის, იმ ქვეყნებისთვის ვინც ევროკავშირის წევრობას ესწრაფვიან ან სურთ დაუახლოვდნენ და შეუერთდნენ ევროკავშირის ღირებულებებს.

ამ შეთავაზებაზე უკრაინამ განაცხადა, რომ ღელავს რომ ამგვარი საზოგადოების შექმნა წევრობის ალტერნატივად იქნება გამოყენებული.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ კი გასულ თვეში განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია იმ განსხვავებული მოდელების შეთავაზებებით რაზეც ევროპელი ლიდერები საუბრობენ და თქვა, რომ უკრაინას ევროკავშირის სრული წევრობა სურს.


close დახურვა