logo
ENG



ავსტრიის ყოფილ კანცლერს ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალი წაუყენეს

18 აგვ 202317:35
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/18/wt5q3rk8j1z58vu.jpg

ავსტრიის ყოფილ კანცლერს, სებასტიან კურცს ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ პარასკევს ეკონომიკისა და კორუფციის საკითხებში პროკურორმა განაცხადა.

პროკურორის განცხადებით, კურცმა ცრუ ჩვენება მისცა პარლამენტის კომიტეტს, რომელიც მისი კანცლერობის პერიოდში კორუფციისა და ქრთამის ბრალდებებს იძიებდა. გამოძიება ამტკიცებს, რომ ყოფილმა კანცლერმა ცრუ ჩვენება მაშინ მისცა, როდესაც მას ავსტრიის კეთილდღეობის ფონდის ხელმძღვანელის დანიშვნაზე ჰკითხეს.

ამავე საქმეზე, ბრალი წაუყენეს კურცის ყოფილ თანაშემწეს, ბერნჰარდ ბონელისა და კიდევ ერთ პირს, რომელიც ვინაობასაც პროკურატურა არ ასაჯაროებს.

36 წლის სებასტიან კურცი ბრალს უარყოფს.

"ბრალდებები ცრუა და მოუთმენლად ველით, როდესაც სიმართლე საბოლოოდ გამოაშკარავდება და ბრალდებები სასამართლოში უსაფუძვლო აღმოჩნდება", - განაცხადა მან სოციალურ ქსელ X-ში, რომელიც წარსულში Twitter-ის სახელით იყო ცნობილი.

სებასტიან კურცი ავსტრიის კანცლერი 2017 წელს გახდა და იმ დროისთვის ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი იყო. 2019 წლის მაისში კორუფციული სკანდალის გამო მისმა მთავრობამ ნდობის ვოტუმი დაკარგა, როდესაც ვიცე-კანცლერის ფარულად გადაღებული ვიდეო გასაჯაროვდა. თუმცა კურცი ხელისუფლებაში იმავე წლის სექტემბერში არჩევნებში გამარჯვებით დაბრუნდა.

კანცლერის თანამდებობიდან ის 2021 წელს გადადგა, რამდენიმე კვირაში მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა. რამდენიმე თვეში კურცმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის.


close დახურვა