ხელისუფლებამ თბილისის მერიისთვის ავტობუსების შეძენა 118 მილიონ ლარად, კონსოლიდირებული ტენდერით გადაწყვიტა.
როგორც წესი, ამ ფორმით, მხოლოდ ერთი სტრუქტურისთვის ტენდერი არ ცხადდება.
კონკურსი მხოლოდ 5 დღიანი იყო და უკონკურენტო პირობებში მოიგო კომპანიამ, რომლის დამფუძნებლები ქართული ოცნების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემწირველები არიან.
ჯი-თიმ 118 მილიონი ისე მოიგო, რომ სატენდერო ფასისთვის არცერთი ლარით ნაკლები სახელმწიფოსთვის არ შეუთავაზებია.
უფრო კონკრეტულად:
თბილისში 180, ბათუმში კი 44 ერთეულ ისუზუს მარკის 8 და 10 მეტრიან ავტობუსებს კომპანია ჯი-თი ჯგუფი შემოიყვანს.
კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. ჯამში ამ შესყიდვით ჯი-თი ჯგუფი ბიუჯეტიდან 118 მილიონ ლარს მიიღებს. თითო ავტობუსის ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს.
ავტობუსების შესაძენად ტენდერი ამჯერად მერიას აღარ გამოუცხადებია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სამივე შემთხვევაში კონსოლიდირებული ტენდერი ჩაატარა. ყველა მათგანში განაცხადების მიღების დრო შეზღუდული იყო. 5-დღიან ვადაში შეთავაზებით სახელმწიფოს მხოლოდ ჯი-თი ჯგუფმა მიმართა. ერთადერთი პრედენდენტი, გამარჯვებული გახდა და კომპანია ავტობუსებს სატენდერო ფასად იყიდის.
ტენდერის ტიპი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ფორმულამ 18 მაისს ავტობუსების შესყიდვისას სავარაუდო 60 მილიონის გაფლანგვის შესახებ იფნორმაცია გაავცელა. 21 მაისს კი, გამოცემული მტავრობის ახალი განკარგულებით ავტობუსების შესაძენად მუნიციპალიტეტები ტენდერს აღარ გამოაცხადებენ. საელმწიფო შესყიდვების სააგენტო კონსოლიდირებულ ფორმას იყენებს. საეჭვო სატენდერო დოკუმენტაცია სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრმა შეისწავლა. ირაკლი აბესაძის შეფასებით, ხელისუფლება თბილისის მერს სავარაუდო სისხლისსამართლებრივ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აცილებს.
"ეს, თავისთავად, აბსურდია. იმიტომ რომ ერთ შემსყიდველს შეეძლო, თავად ჩაეტარებინა ტენდერი და კალაძე უნდა ყოფილიყო პასუხისმგებელი ამ ტენდერის კანონიერად ჩატარებაზე. თუმცა, საარჩევნო წელს, იმისთვის, რომ მას აარიდონ პასუხისმგებლობა, ტენდერი ჩატარდა ვითომ კონსოლიდირებულად". - ამბობს ირაკლი აბესაძე.
რატომ არ გამოაცხადა შესყიდვა მერიამ და რატომ შეიცვალა ტენდერის ტიპი - კითხვებს არ პასუხობს დედაქალაქის მერი.
კომპანია ჯი-თი ჯგუფის დირექტორი თემურ უსტიაშვილია, მან ქართულ ოცნებას წინასაარჩევნოდ 60 ათასი ლარი შეწირა. მმართველ პარტიას საარჩევნოდ თანხას წირავენ კომპანიის დამფუძნებლებიც. სხვადასხვა დროს შეწირული თანხები 200 ათას ლარს აჭარბებს. კომპანიას 2020 წლამდე ლევან გოგსაძე, უმრავლესობის დეპუტატის, ბექა ოდიშარიას ქვისლი ხელმძღვანელობდა. გოგსაძეც მმართველი პარტიის მხარდამჭერი და შემწირველია. მან ოცნების საარჩევნო ყულაბაში 2016 წელს 40 ათას ლარამდე შეიტანა.
"ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი, რომ სატენდერო პირობა დააკმაყოფილოს. აქედან გამომდინარე, გვაქვს მოცემულობა, რომ მმართველი პარტიის გავლენიანი დეპუტატის ახლო ნათესავი და ქართული ოცნების ძალიან მსხვილი შემომწირველი ტენდერებში იგებს ათეულობით მილიონ ლარს". - ამბობს დავით მჟავანძე, ფლანგვის დეტექტორის მკვლევარი.
ქართულ ოცნებამ ბექა ოდიშარია, როგორც პარტიის ახალი სახე 2016 წელს წარადგინა. ამავე წელს, მან პარტიას 40 ათასი ლარი შესწირა. 4 წლით ადრე კი, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წელს, ოდიშარიამ არჩევნების წარმატებით ჩასატარებლად ფული ახალა უკვე ოპონენტებს, ნაციონალურ მოძრაობასაც შესწირა.
ერთი კომპანიის მონაწილეობით ჩატარებული მსხვილი შესყიდვისა და ტენდერის შეცვლილი პირობების შესახებ განმარტებებს არ აკეთებს შესყიდვების სააგენტო.