ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდე გახანგრძლივდება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ავტომობილების გადაადგილების აკრძალვა მიმდინარე კვირის ჩათვლით, ანუ ორშაბათამდე, 27 აპრილამდე გაგრძელდა. გვესმის მოქალაქეების, რომლებიც შეზღუდვების პირობებში ხედავენ ავტომობილების გადაადგილებას ქუჩაში და გამოახატავენ გარკვეულ უკმაყოფილებას“, - აღნიშნა ჩიქოვანმა და კიდევ ერთხელ განმარტა, თუ ვის არ ეხება დაწესებული შეზღუდვა.
„შეზღუდვა არ ეხება სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს, სასურსათო ობიექტებში მომუშავე პირებს, ასევე, ადგილზე მიტანის სერვისის თანამშრომლებს და ინფრასტრუქტურული სამუშაოს განმახორციელებელ თანამშრომლებს და სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობაც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაშვებულია. ისინი გადაადგილდებიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით და მათი ყოველდღიური აქტიურობა და მათი გადაადგილება აუცილებელია“,- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.