logo
ENG



ავღანელი ლტოლვილების მიღებისთვის აშშ უკრაინას მადლობას უხდის

21 აგვ 202121:24
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/21/s0jw16bnr0qn9gq.jpg
Euronews

აშშ რამდენიმე სახელმწიფოს, მათ შორის, უკრაინას, ავღანელი ლტოლვილების მიღებისთვის მადლობას უხდის.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, 30-მდე სახელმწიფო მზადაა, აშშ-სთან ერთად უზრუნველყოს ავღანეთის მოქალაქეების უსაფრთხო გამოსვლა ქვეყნიდან. პრაისის ჩამოთვლილ სახელმწიფოებს შორის არიან: უკრაინა, პოლონეთი, ალბანეთი, კოსოვო, ჩრდ. მაკედონია, მექსიკა და კანადა. 

„ჩვენ დიდად ვაფასებთ მხარდაჭერას, რომელიც მათ გამოგვიცხადეს და ამაყები ვართ მათთან თანამშრომლობით, ავღანელი ხალხის მხარდაჭერის საკითხში. იმედი გვაქვს, სხვა სახელმწიფოებიც დაფიქრდებიან დამატებითი დახმარების აღმოჩენაზე.

ხშირ შემთხვევაში დახმარების მთხოვნელთა უმრავლესობა აშშ-ში იქნება გადმოყვანილი. რიგ შემთხვევებში კი ჩვენ მოვისმინეთ გულუხვი შემოთავაზება პარტნიორებისგან, მოკავშირეებისგან მთელ მსოფლიოში, რომ რისკის ქვეშ მყოფ ავღანელებს თავად შეიფარებენ", - განაცხადა ნედ პრაისმა.

პრესსპიკერის განცხადებით, აშშ მუშაობას განაგრძობს იმისათვის, რომ დახმარება სხვა ქვეყნებიდანაც მოიძიოს.

ნედ პრაისის თქმით, არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ავღანეთიდან წამოსულ აშშ-ის მოქალაქეებსა და, საჭიროების შემთხვევაში სხვებსაც, ტრანზიტულ გზას გაუხსნიან. ასეთი ქვეყნებია: ბაჰრეინი, დანია, გერმანია, ყაზახეთი, ქუვეითი, ტაჯიკეთი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, დიდი ბრიტანეთი და უზბეკეთი.


close დახურვა