ჯანდაცვის ახალი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები საქართველოში რამდენიმე კვირაში შემოვა. მთავრობის სხდომაზე მანვე აღნიშნა, რომ შეკვეთილია ფაიზერისა და მერკის წარმოების მედიკამენტები.
"ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რითიც სხვადასხვა ეტაპზე ვმკურნალობთ კოვიდით ინფიცირებულებს. შევუკვეთეთ და რამდენიმე კვირაში გვექნება ფაიზერისა და მერკის მედიკამენტები, რომელიც საკმაოდ ეფექტურობით გამოირჩევა", - თქვა ზურაბ აზარაშვილმა.
დეკემბრის დასაწყისში აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის [FDA] მრჩეველთა საბჭომ კორონავირუსის სამკურნალოდ, მერკის მიერ შექმნილი პრეპარატის, "მოლნუპირავირის" გადაუდებელი გამოყენების რეკომენდაცია გასცა.
ნოემბერში ფაიზერმა დაარეგისტრირა თავისი წამალი პაქსლოვიდი.
ფაიზერის განცხადებით, 5 ნოემბერს გამოქვეყნებული კლინიკური კვლევების თანახმად, მათი მედიკამენტი მაღალეფექტიანია დაავადების მძიმედ განვითარების წინააღმდეგ. კერძოდ, კორონავირუსის სამკურნალო ექსპერიმენტული მედიკამენტი ჰოსპიტალიზაციას, ან სიკვდილს 89%-ით ამცირებს.
აღსანიშნავია, რომ მედიკამენტი ვერ ჩაანაცვლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.