logo
ENG



აზარაშვილი ფარმაცევტულ კომპანიებს: ყოველთვის იქნება პრინციპული და მკაცრი რეაგირება

29 დეკ 202315:26
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ეხმაურება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას აფთიაქების დაჯარიმების თაობაზე. ის ფარმაცევტულ კომპანიებს მიმართავს და ამბობს, რომ "ყოველთვის იქნება პრინციპული და მკაცრი სახელმწიფოს რეაგირება".

ამასთან, აზარაშვილმა ფარმაცევტული კომპანიები "ვერაგული" მეთოდების გამოყენებაში დაადანაშაულა.

"კონკურენციის სააგენტოს მიერ დადასტურდა ის სამარცხვინო და ძალიან მძიმე ფაქტი, რასაც ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში, ძალიან საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე და ძალიან მყარი არგუმენტების საფუძველზე ვამბობდით და დღეს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საბოლოოდ გაასაჯაროვა თითქმის 9-თვიანი მოკვლევის საფუძველზე შედეგები, რაც მიიღო და ეს შედეგები ძალიან სამწუხარო.

დადასტურდა, რომ ეს კომპანიები მიზანიმიმართულად, ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ ცდილობდნენ, თან ყველაზე უფრო მძიმე პაციენტების მიმართ, ძალიან ვერაგული მეთოდების გამოყენებას, ფასის გაზრდას მედიკამენტებზე. ფასები გაიზარდა სამჯერ, ოთხჯერ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე და ამის საფუძველზე ხდებოდა მათი ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა და ეს ადამიანები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე თვეების განმავლობაში, რაზეც სახელმწიფოს ჰქონდა მყისიერი რეაგირება", - თქვა აზარაშვილმა.

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო, 4 სააფთიაქო ქსელი - ავერსი, PSP, გეფა (ფარმადეპო, GPC) და მერმისი დააჯარიმა. კომპანიებს ჯამში 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს განცხადების თანახმად, საკითხი ეხება - ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევის ფაქტს.

შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს ჯამში 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ:

ავერსი: 14 402 425 ლარი;

გეფა: 20 349 336 ლარი;

პსპ: 17 094 872 ლარი;

მერმისი: 951 301 ლარი.


close დახურვა