logo
ENG



აზარაშვილის თქმით, საბჭომ ვოზორიტიდის შესყიდვაზე დადებითი რეკომენდაცია არ გასცა

03 აპრ 202318:49
3 წუთის საკითხავი
 
აზარაშვილის თქმით, საბჭომ ვოზორიტიდის შესყიდვაზე დადებითი რეკომენდაცია არ გასცა

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭომ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ ვოზორიტიდის შესყიდვაზე რეკომენდაცია არ გასცა.

აზარაშვილი ირწმუნება, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანას მედიკამენტის დაფინანსება შეჩერებული აქვს, რადგან "მისი გვერდითი ეფექტების შესახებ მწირი ინფორმაცია მოიპოვება".

"აქონდროპლაზიის მკურნალობისთვის, მედიკამენტ ვოზორიტიდის დაფინანსების განხილვა შეჩერებული აქვთ გერმანიას, ბრიტანეთს და სხვა ქვეყნებს, ვინაიდან პრეპარატი დანერგვის ადრეულ ეტაპს გადის. მისი გვერდითი ეფექტების, ასევე გრძელვადიან პერიოდში, მკურნალობის ეფექტურობის შესახებ მწირი ინფორმაცია მოიპოვება. შესაბამისად, პაციენტის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, არაერთმა ქვეყანამ ჩათვალა, რომ არ არის მიზანშეწონილი, ამ ეტაპისთვის, პრეპარატის დაფინანსებაზე მსჯელობა. [...]

იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოზე დეტალურად იქნა განხილული სხვადასხვა ქვეყნების მაგალითები, სადაც მოხდა აღნიშნული მედიკამენტების შესწავლა. ასევე ჩვენი სამინისტროს მიერ, გასული თვეების განმავლობაში არის აქტიური შესწავლის ეტაპები გავლილი. აქტიური კომუნიკაცია გვქონდა როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ასევე პაციენტების უფლებების დაცვის ევროპულ საზოგადოებებთან და სხვადასხვა ქვეყნებთან სადაც ეს განხილვები მიმდინარეობდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე, იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს, ამ მედიკამენტის შესყიდვასთან დაკავშირებით სამინისტროსთვის დადებითი რეკომენდაცია არ მიუცია", - თქვა აზარაშვილმა.

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები უკვე რამდენიმე თვეა მედიკამენტ ვოზორიტიდის ქვეყანაში შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ.

* * *

აქონდროპლაზია ყველაზე გავრცელებული ფორმაა სკელეტური დისპლაზიისა [ძვლოვანი სტრუქტურის ზრდის შეფერხება, ანომალიური განვითარება].

იგი 40000-ში ერთ ახალშობილს უდგინდება და ხასიათდება კიდურების ზრდის შეფერხებით და იწვევს ხერხემლისა და თავის ქალის ანომალიურ განვითარებას.

მედიკამენტ ვოზორიტიდს შეუძლია დაეხმაროს აქონდროპლაზიის მქონე ადამიანებს. ამ მედიკამენტით ამერიკასა და ევროპაში უკვე სარგებლობენ.

ის ბოჭავს სპეციფიკურ რეცეპტორს, რომელსაც ეწოდება ნატრიურეზული პეპტიდური რეცეპტორ-B, რომელიც ამცირებს ზრდის რეგულაციის გენის აქტივობას და ასტიმულირებს ძვლის ზრდას.


close დახურვა