სამოცი ადამიანი დააკავეს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული დემონსტრაციისას ბაქოში. დაკავებულთა შორის ოპოზიციის ლიდერიცაა. სპეცრაზმი და საგანგებო ავტობუსები დემონსტრანტების გადასაყვანად ბაქოს ქუჩებში საპროტესტო აქციის დაწყებისთანავე გამოჩნდნენ. ოპოზიციის მომხრეების ნაწილი იქამდე დააკავეს, ვიდრე დემონსტრაცია დაიწყებოდა. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ალი ქემირლი კი იმ დროს დააპატიმრეს, როდესაც საკუთარი სახლიდან გამოდიოდა.
"ეს ძალიან რთულია, მაგრამ ბრძოლას მაინც ვაგრძელებთ. აზერბაიჯანელმა ხალხმა უნდა ნახოს, რა ხდება. ბევრი პროვოკაცია იქნება, ინტერნეტი გათიშულია, გზები გადაკეტილი. აშკარაა რომ შეშინდნენ და პაკინაში არიან, მაგრამ მათ უკვე მიიღეს გზავნილი აზერბაიჯანელი ხალხისგან. ხედავენ, რომ ხალხი მოქმედებას იწყებს და ეშინიათ", - განაცხადა ალი ქემირლიმ.
დემონსტრანტების მსვლელობისას ქალაქში გაითიშა ინტერნეტი და მობილური კავშირი. დილიდან არ მუშაობდა რამდენიმე მეტროსადგური. გადაკეტილი იყო ქალაქის ცენტრისკენ მიმავალი გზები.
ბაქოში მიმდინარე მოვლენებს უკვე გამოეხმაურა ევროკავშირი. საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა კომისარმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას მშვიდობიანი აქციისას სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადაჭარბების ფაქტების გამოძიება სთხოვა.
საპროტესტო გამოსვლები აზერბაიჯანის დედაქალაქში გუში, 19 ოქტომბერს დაიიწყო. დემონსტრანტები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, კორუფციის დამარცხებას, ხელფასების ზრდას და ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე ფასის შემცირებას ითხოვენ. მოთხოვნებს შორის ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაცაა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუკი ალიევის ხელისუფლება კანონის შესრულებას და ქვეყნის დაცვას ვერ ახერხებს, უნდა გადადგეს.