logo
ENG



აზერბაიჯანის საგარეო: რაც პელოსიმ სომხეთში თქვა, უნდა შევაფასოთ, როგორც სომხური პროპაგანდა

18 სექ 202221:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/18/bl2ldqz3gr2991s.png

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის სომხეთში ვიზიტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული განცხადებით "დამწუხრებულია". ერევანში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ "გმობს სომხეთზე არასამართლებრივ თავდასხმებს, რომლებიც აზერბაიჯანის ინიციირებულია".

როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, პელოსის განცხადებები ამახინჯებენ სიტუაციას რეგიონში, ხოლო ბრალდებები, აზერბაიჯანის წინააღმდეგ, მიუღებელია.

უწყების განცხადებაში წერია, რომ 13 სექტემბრის ღამეს ორი ქვეყნის საზღვარზე დაწყებული შეტაკებები "იყო სომხეთის მიერ მოწყობილი ფართომასშტაბიანი სამხედრო პროვოკაცია აზერბაიჯანის წინააღმდეგ" და "ამ პროვოკაციის თავიდან არიდება აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს".

"საერთოდ ნენსი პელოსი ცნობილია პროსომხურ პოლიტიკოსად, და მის დელეგაციაში კონგრესის პროსომხურად განწყობილი წევრების არსებობა - ამის ნათელი დასტურია. იმის გათვალისწინებით, რომ კონგრესში არჩევნების პერიოდი ახლოვდება, ჩნდება განცდა, რომ ნენსი პელოსი იყენებს ამ ვიზიტს საკუთარი შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის, რათა აშშ-ში სომეხი ლობისტების მხარდაჭერა მოიპოვოს. გულდაწყვეტით ხაზს ვუსვამთ, რომ ნენსი პელოსიმ, რომელიც საუბრობს სამართლიანობაზე, არ გამოავლინა არც ერთი პოზიცია სომხური აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც ერევანი ბაქოს წინააღმდეგ იყენებს, აზერბაიჯანის ტერიტორიების თითქმის 30-წლიანი ოკუპაციის მიმართ, ასობით აზერბაიჯანელის ეთნიკური წმენდისა და სხვა მსგავსი სერიოზული დანაშაულებების მიმართ, რომელზეც სომხეთია პასუხისმგებელი. ის, რაც ნენსი პელოსიმ თქვა, სომხეთში ვიზიტის დროს, უნდა შევაფასოთ, როგორც განცხადება, რომელიც დაფუძნებულია სომხურ პროპაგანდაზე", - წერია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ სომხეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ გმობს აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთზე "არასამართლებრივ" სასაზღვრო თავდასხმებს. პელოსიმ აღნიშნა, რომ მის ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა „აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის ტერიტორიაზე არასამართლებრივი და მკვლელი თავდასხმების შემდეგ“. სომხეთის პარლამენტის სპიკერთან ალენ სიმონიანთან შეხვედრისას პელოსიმ განაცხადა, რომ თავდასხმა აზერბაიჯანმა დაიწყო და ეს აღიარებული უნდა იყოს.

სომხეთი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა 13 სექტემბრის შემდეგ სულ მცირე 6 სომხური დასახლება დაბომბა და როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დრონებითა და დიდი კალიბრის იარაღით თავს დაესხა. ერევანი აცხადებს, რომ ეს აზერბაიჯანის მხრიდან არაპროვოცირებული თავდასხმაა.

აზერბაიჯანი ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სომხეთმა  აზერბაიჯანელების პოზიციების დანაღმვა სცადა, რაზე რეაგირებაც მოუწიათ. სომხეთი თავის მხრივ აზერბაიჯანს ადანაშაულებს დეზინფორმაციაში.


close დახურვა