logo
ENG



ფაშინიანი: აზერბაიჯანი ყარაბაღთან და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ ჯარებს აგროვებს

07 სექ 202318:12
3 წუთის საკითხავი
clock 479
2023/09/07/onkfqt5ip2j06y7.jpg

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი ბოლო რამდენიმე დღეა მთიან ყარაბაღთან და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ ჯარებს აგროვებს.

მისივე თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია გაუარესდა. ფაშინიანი ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ საზღვართან მორიგი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც სომხეთის 3 სამხედრო დაიღუპა.

ის საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს რეაგირებისკენ, რათა ახალი ომის დაწყების პრევენცია მოხდეს - ფაშინიანის აზრით ოფიციალური ბაქო შეიარაღებული პროვოკაციისთვის ემზადება.

სომხეთის პრემიერი აცხადებს, რომ ერევანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას აგრძელებს, რომელსაც მხარეებმა ბრიუსელსა და პრარაში შეხვედრების დროს [2021-2023 წლებში] მიაღწიეს.

***

მიმდინარე წლის 22 მაისს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია, რომლის აღიარებისთვისაც ერევანი მზადაა, მთიან ყარაბაღსაც მოიცავს. 

14 მაისს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს, ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უმასპინძლა. შეხვედრა ორი ქვეყნის შორის ურთიერთობების დარეგულირებას მიეძღვნა. როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის ნორმალიზაციის გზაზე პროგრესზე.

მანამდე სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ვაშინგტონში - ამერიკის შეერთებული შტატების ეგიდით ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრას სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ხელმძღვანელობდა.

გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოწოდებები საერთო საზღვრის გასწვრივ ბოლოდროინდელი შეტაკებების სერიის შემდეგ გაძლიერდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში სადავო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა ორივე მხარეს. 

***

2020 წლის 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში ვითარება გამწვავდა, დაიწყო ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები. ორჯერ რუსეთში, მესამედ კი აშშ-ის შუამავლობით ხელმოწერილი ცეცხლის შეთანხმების ხელშეკრულების მიუხედავად, ომი არ შეწყვეტილა.

არცახის რეგიონმა თავი დამოუკიდებლად 1991 წელს გამოაცხადა. 1992 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტი დაიწყო. კონფლიქტში 1994-დან 2016 წლამდე 1008 ჯარისკაცი და 90-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა.

მთიანი ყარაბაღი ეთნიკურად სომხებით დასახლებულია. არცახის რესპუბლიკა დე ფაქტო, თვითაღიარებული რესპუბლიკაა, რომელიც არც ერთ სახელმწიფოს უღიარებია, მათ შორის არც სომხეთს. აზერბაიჯანი ყარაბაღს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს და მის დაბრუნებას ითხოვს.


close დახურვა