აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტის მრჩეველი დავიდ ბაბაიანი დააკავა.
აზერბაიჯანის პროკურატურაში განაცხადეს, რომ ბაბაიანს ბრალი ჯერ კიდევ 2020 წელს სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლით წაიყენეს წაუყენეს, მათ შორის აგრესიული ომის დაწყება და წარმოება, დაქირავებული მებრძოლების მომზადება და დაფინანსება, შეიარაღებული კონფლიქტის დროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა. იმავე წელს ბაბაიანი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადეს.
ბაბაიანმა 28 სექტემბერს განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჩაბარდებოდა. მან განმარტა, რომ მისმა "გამოუცხადებლობამ ან გაქცევამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს მთიანი ყარაბაღის მრავალტანჯულ ხალხს".
27 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის დატოვების მცდელობისას დააკავეს არაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი მეთაური, ბიზნესმენი რუბენ ვარდანიანი. ორი დღის შემდეგ კი მთიანი ყარაბაღის არმიის ყოფილი მეთაური, ლევონ მნაცაკანიანი დააკავეს. მას წამებას ედავებიან.
ყარაბაღიდან სომეხი მოსახლეობის მასობრივი გამგზავრება მას შემდეგ დაიწყო, რაც 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა იქ სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
საომარი მოქმედებების დაწყებამდე ბაქომ პროსომხური ძალები ტერორისტულ თავდასხმებსა და აზერბაიჯანული პოზიციების რეგულარულ დაბომბვაში დაადანაშაულა. ერთი დღის შემდეგ, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელისუფლებამ ბაქოს პირობებით კაპიტულაცია გამოაცხადა.
ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან არსებობას შეწყვეტს. "განკარგულებას" ხელი ე.წ. პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა მოაწერა.