logo
ENG



აზოვსტალში სულ მცირე 2 000 მოქალაქეა, მათ შორის ბავშვები და ქალები - ბევრია დაჭრილი

27 აპრ 202210:51
3 წუთის საკითხავი
 

მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაში სულ მცირე 2 000 მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება, მათ შორის ქალები, ბავშვები და მოხუცები. ბევრია დაჭრილი. ინფორმაციას ქალაქის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხალხი საშინელ მდგომარეობაშია, არ აქვთ წამლები, წყალთან და საკვეთან დაკავშირებული მდგომარეობა კატასტროფულია.

საკრებულოში აცხადებენ, რომ საჭიროა სასწრაფოდ მოხდეს ამ ადამიანების გადარჩენა.

“მეტალურგიულ ქარხანაში სულ მცირე 2 000 მშვიდობიანი მოქალაქეა: ქალები, ბავშვები და მოხუცები. ბევრი დაჭრილია. ანტისანიტარიაში და საშინელ პირობებში არიან, მედიკამენტების გარეშე. კატასტროფული მდგომარეობაა სასმელ წყალთან და საკვებთან დაკავშირებით. ისინი სასწრაფოდ უნდა გადავარჩინოთ“, - ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქალაქი მარიუპოლი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ოლქების გვერდით მდებარეობს, 1-ლი მარტიდან ალყაშია. 

რუსი ჯარისკაცები ანადგურებენ ინფრასტრუქტურას, სასტიკად უსწორდებიან, აწამებენ და ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. მათი ნაწილის ევაკუაცია მოხერხდა, თუმცა, 100 ათასამდე მოქალაქე კვლავ ქალაქში რჩება. ისინი სარდაფებში უწყლობით და შიმშილით იხოცებიან. რუსი ჯარისკაცები მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების მანქანებს არ უშვებენ. წითელი ჯვარი აცხადებს, რომ მარიუპოლთან მხოლოდ 20 კილომეტრით მიახლოებას ახერხებენ. 

რუსულმა ძალებმა დაიკავეს მთლიანი მარიუპოლი. ისინი მხოლოდ აზოვსტალის ქარხანას ვერ აკონტროლებენ, სადაც აზოვის ბატალიონი და უკრაინის საზღვაო ქვეითი ბრიგადის 36-ე არმიაა განლაგებული. 3 დღის განმავლობაში რუსეთი აზოვსტალის აღებას ცდილობდა, თუმცა, უშედეგოდ. მათ გაანადგურეს ქარხანა, თუმცა, ვერ შეძლეს მისი გვირაბების აღება. 

ქარხანა აზოვსტალი 1930-იან წლებშია აშენებული. ის ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ქარხანაა. მეტალურგიული კომბინატის საერთო ფართობი თითქმის 11 კვადრატული კილომეტრია და მოიცავს კილომეტრებზე გადაჭიმულ გვირაბებს და საკომუნიკაციო არხებს. 


close დახურვა