logo
ENG



ფიცო ორბანს მოსკოვში ჩასვლის გამო აქებს

06 ივლ 202413:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/06/91hppstb9muuwzr.jpg

სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო პირველი დასავლელი ლიდერია, რომელმაც უნგრეთის პრემიერი მოსკოვში ჩასვლის გამო შეაქო.

ორი თვის წინ დაჭრის შემდეგ ფიცო პარასკევს საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა. თავის 20-წუთიან გამოსვლაში, როლმეშიც მან პროგრესული იდეოლოგიები გააკრიტიკა, ფიცომ ორბანი კიევსა და მოსკოვში ვიზიტების გამო შეაქო.

მოსკოვში ორბანის ვიზიტმა ევროკავშირის ლიდერების მხრიდან თითქმის საყოველთაო კრიტიკა გამოიწვია.

"ჩემი ჯანმრთელობა რომ ხელს მიწყობდეს, ძალიან ვისურვებდი, რომ შევერთებოდი მას", - თქვა სლოვაკეთის პრემიერმა.

15 მაისს ფიცო იარაღიდან ოთხჯერ ესროლა იურაი ჩინტულამ, რომელიც მისი პოლიტიკის წინააღმდეგია. მას უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად 5 ივლისს ჩავიდა. ორბანმა ამ ვიზიტს "სამშვიდობო მისიის" ნაწილი უწოდა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განმარტა, რომ ორბანი მოსკოვში ჩავიდა, რათა უკრაინაში ცეცხლი "რაც შეიძლება მალე შეწყვიტოს".

ივლისის დასაწყისში უნგრეთი როტაციის წესით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

ევროკომისიის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა თქვა, რომ რუსეთში ვიზიტისას ორბანი ევროკავშირის ინტერესებს არ წარმოადგენს, ხოლო ევროკავშირის პოზიცია რუსეთისა და უკრაინის ომთან დაკავშირებით პუტინთან ევროკავშირის ოფიციალურ კონტაქტს გამორიცხავს.

მოსკოვში ვიზიტამდე ორი დღით ადრე ორბანი კიევშიც იმყოფებოდა. ომის დაწყების შემდეგ ეს მისი პირველი ვიზიტი იყო უკრაინაში. მოლაპარაკებების დროს ორბანმა მოუწოდა ზელენსკის, იფიქროს ცეცხლის შეწყვეტაზე და რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს.


close დახურვა