პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, აშშ-ის საელჩოსთან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის აქციას შეუერთდა.
მაჩალიკაშვილმა ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადა და თქვა, რომ 23 წლის გოგონას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს და უსაფრთხოების სამსახურს აკისრებს:
"სოლიდარობას ვუცხადებ ოჯახს და როგორც ჩემ საქმესთან დაკავშირებით, ისევე ამ ადამიანების გვერდით ვიქნები. რასაც შევძლებ, ყველაფერს გავაკეთებ, სიცოცხლეს არ დავზოგავ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ იმ ბავშვის მკვლელები იყვნენ დასჯილები. რაც არ უნდა ილაპარაკონ, ზუსტად ვიცი, ეს არის პირდაპირ ამ ხელისუფლების ხერხემლის - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანაშაული, სახელმწიფოს დანაშაული. აქ სხვა ორი აზრი არ არის. თვითმკვლელობა, ნარკოტიკები - ათას რამეს დააბრალებენ როგორც მე დამაბრალეს, როგორც ჩემ შვილს დააბრალეს. ამ ხელისუფლებას ეს ჩვევია. ამათ კაცური და ღირსეული რესურსი ამოწურული აქვთ და რაც დარჩენიათ, ეს არის ნაძირლობა, უნამუსობა, უსინდისობა. ყველაფერზე მიდიან, ოღონდ ხელისუფლება შეინარჩუნონ. სხვისი შვილების ბედი სულ ფეხებზე ჰკიდიათ“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქციას მართავენ. ისინი გამოძიებაში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვენ.