გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აი, ფაქტის ინფორმაციით, ოკუპანტი რუსეთისთვის სანქციების დაწესების ფონზე საქართველოში რეგისტრირებული რუსული ბიზნესების რაოდენობა გაზრდილია.
აი, ფაქტის ინფორმაციით, ოკუპანტი რუსეთის მოქალაქეები სანქციების ფონზე ქვეყნიდან გარბიან, მათი ნაწილი საქართველოში გეგმავს გამომგზავრებას.
გაერთიანება ავრცელებს საჯარო რეესტრის სიას, რითაც მათი თქმით, დასტურდება, რომ რუსებმა ბოლო დღეებში საქართველოში ჩამოსვლა და ბიზნესების რეგისტრაცია გაახშირეს.
"აი, ფაქტმა დათვალა, რომ ბოლო ოთხ დღეში საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყება სულ 201-მა რუსმა მოისურვა. 1 მარტს იუსტიციის სახლს რეგისტრაციისთვის 43-მა პირმა მიმართა, 2 მარტს 58-მა; 4 მარტს 17:30-მდე კი ბიზნესრეესტრში განაცხადი 100-მა რუსმა შეიტანა." - წერია განცხადებაში.
ჟურნალისტთა გაერთიანება აცხადებს, რომ რეგისტრირებულთა უმრავლესობას, 183 ადამიანს ინდ. მეწარმედ რეგისტრაცია სურს, 16-ს კომპანიის, ერთს კი ააიპ-ის დარეგისტრირება სურს.
აი, ფაქტის ინფორმაციით, რუსებს იურიდიულ პროცედურებში ხშირად ქართველებიც ეხმარებიან და ზოგ შემთხვევაში უძრავი ქონების გამოყენების უფლებასაც აძლევენ.