logo
ENG



აი, ფაქტი: 3 791 საარჩევნო უბნიდან ოქმების 26% დარღვევითაა შევსებული

06 ნოე 202016:47
3 წუთის საკითხავი
 
აი, ფაქტი: 3 791 საარჩევნო უბნიდან ოქმების 26% დარღვევითაა შევსებული

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აი, ფაქტის დათვლით, 3 791-დან 930 უბნის ოქმში (26%) რიცხვები არასწორადაა დაჯამებული. მათივე აღმოჩენით, ამ ოქმებში ხმათა რაოდენობა, ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელი და არჩევნებზე მისულთა საერთო რაოდენობა ერთმანეთს ვერ ემთხვევა.

ამასთან, მათ იპოვეს 93 შესწორების ისეთი ოქმი, რომელიც მთავარ შემაჯამებელ ოქმს მაინც ვერ აბალანსებს. ასევე, 837 ოქმი, რომელშიც რიცხვები არ ჯამდება, შესწორების გარეშეა დარჩენილი.

ეს მონაცემები აი, ფაქტმა იმ შესწორებების მიხედვით დათვალა, რომელიც დაწერილი იყო პირველი ნოემბრის ღამეს ან დილით და რომელსაც კომისიის ყველა წევრი აწერდა ხელს. მათ მონაცემებში გათვალისწინებული არაა შესწორების ის ოქმები, რომელიც დაწერილია 2 ნოემბრიდან და რომელსაც მხოლოდ კომისიის მდივანი და თავმჯდომარე აწერენ ხელს.

ოპოზიცია ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს აპროტესტებს - მათი შეფასებით, არჩევნები გაყალბდა. ოპოზიციური პარტიები ერთხმად უცხადებენ ბოიკოტს პარლამენტს და მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებს მართავენ. ოპოზიციის მხარდამჭერები და წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოქმებში აღმოჩენილი მასშტაბური უზუსტობების მიუხედავად, კომისიები მათ მიერ შედგენილ საჩივრებს არ იხილავენ.

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები (ISFED), რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED აცხადებს, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%. მათი თქმით, აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, რომელთა შემაჯამებელ ოქმებშიც დისბალანსი დაფიქსირდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლებმა, არჩევნებზე დაკვირვების და მონიტორინგის შედეგად, საოლქო კომისიებში 307 საჩივარი წარადგინეს. თავად ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ფორმულას ეთერში თქვა, რომ შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილ უზუსტობებს სავსებით შესაძლებელია გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს შეფასებით კი, პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები წინა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ჯამში, 170 დარღვევა დააფიქსირეს და 46 საჩივარი დაწერეს.


close დახურვა