დღეს, მეჩეთად გადაკეთების შემდეგ პირველად, აია სოფიაში პარასკევის ტრადიციული მუსლიმური ლოცვა ტარდება. ლოცვას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც შეუერთდა.
ლოცვის დაწყებამდე თურქულმა მედიამ გაავრცელა ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ მუსლიმური ლოცვის დროს ქრისტიანული ფრესკები, მათ შორის ღვთისმშობლის ცნობილი ფრესკა თეთრი ფარდით იქნება დაფარული.
ღვთისმშობლის ფრესკა ტაძრის ყველაზე ძველი ფრესკაა. ხატმებრძოლეობის შემდგომ იგი ხელახლა აღმოაჩინა პატრიარქმა ფოტიუსმა. მას შემდგომ ფრესკა აღარავის დაუფარავს, მათ შორის, არც მეჰმედ მეორის მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ.
ტაძრის ყველაზე წმიდა ნაწილი, ე.წ ცენტრი (ომფალიონი), სადაც ბიზანტიის იმპერატორთა კურთხევის ცერემონია იმართებოდა ხოლმე, მუსლიმური სალოცავი ნოხითაა დაფარული. ნოხზე ოტომანების საგვარეულო სიმბოლიკაა გამოსახული.
აწ უკვე მეჩეთის შიდა ქრისტიანული სიმბოლიკა მხოლოდ მუსლიმური ლოცვისა და მსახურების დროს იქნება დაფარული.
საერთაშორისო გაერთიანებებისა და მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვართა უკმაყოფილების მიუხედავად, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ძეგლის მეჩეთად გადაკეთების განკარგულებას ხელი პრეზიდენტმა ერდოღანმა 10 ივლისს მოაწერა.