logo
ENG



აითაჯ შახმიროვას მამა: არ ვიცოდი შვილის იძულებითი ქორწინების შესახებ

18 ოქტ 202320:55
3 წუთის საკითხავი
 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოკლული 14 წლის აითაჯ შახმიროვას მამა, ისა შახმიროვი ამბობს, რომ შვილის იძულებითი ქორწინების შესახებ არაფერი იცოდა.

ისა შახმიროვი საქართველოში არ ცხოვრობს. როგორც მან ფორმულას უთხრა, შვილმა მკვლელობამდე სამი დღით ადრე დაურეკა და დახმარება სთხოვა, თუმცა გზაში შეიტყო, რომ აითაჯი მოკლეს. მამას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიანიჭეს.

"იმის თქმა შემიძლია, რომ არაფრის შესახებ არ ვიყავი ინფორმირებული. არ ვიცოდი შვილის იძულებითი ქორწინების შესახებ. საჯაროდ ამ თემაზე არ მსურს საუბარი და ძალიან მიჭირს", - განაცხადა ისა შახმიროვმა.

ტელეკომპანია ფორმულამ აითაჯის სკოლის დირექტორის, გამლეტ ისმაილოვის გამოკითხვის ოქმიც მოიპოვა. სკოლის დირექტორი, რომელიც ამავე დროს დმანისში, ქართული ოცნების სიით საკრებულოს დეპუტატია, ამბობს, რომ დამრიგებელს მოსწავლის ამბის მოკითხვა დაავალა.

"5 დღეში, რადგან აითაჯი სკოლაში არ დადიოდა, მე მის დამრიგებელს დავავალე მოეკითხა ბავშვი. კლასის დამრიგებელმა მითხრა, რომ მის ძმას ო.ს-ს ესაუბრა და მან თქვა, რომ აითაჯი სადღაც არის წასული და 2-3 დღეში მოვაო. მე წასული ვიყავი საზღვარგარეთ და დავბრუნდი 25 სექტემბერს. აითაჯის კლასის დამრიგებელს დაბარებული ჰყავდა დედა. ეგანა შახმიროვა სკოლაში 5 ოქტომბერს მოვიდა და დამრიგებელს განუცხადა, რომ აითაჯი წასულია და დაბრუნდება 2-3 დღეშიო. მეც დავურეკე და იგივე მითხრა", - თქვა გამლეტ ისმაილოვმა გამოკითხვის დროს.

საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ არასრულწლოვანი გოგო ერთი წლის წინ დანიშნეს, როდესაც ის ჯერ კიდევ 13 წლის იყო. მკვლელობაში ბრალდებულის ბიძამ, ახლიმ ასლანოვმა დაკითხვაზე განაცხადა, რომ დედა მოითხოვდა დალოდებას სანამ გოგო სრუწლოვანი გახდებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ გამართულიყო ქორწილი. პირობას ორივე ოჯახი დათანხმდა, თუმცა ალი ასადოვმა გოგო გაიტაცა, რის შემდეგაც სოფელ ლამბალოში, ბიძის სახლში მიიყვანა.

"აითაჯის დედა იყო გაბრაზებული და ტიროდა. ეგანა და აითაჯი, ბიძის ნათიგის ზეგავლენის ქვეშ იყვნენ მოქცეულები. კაცი დას დამორჩილებას თხოვდა. ნათიგი უყვიროდა თავის დას და ეუბნებოდა: "რატომ მიგყავს გოგო, ჩვენში ეგეთი ადათ-წესი არ არის, გოგოს უკან წაყვანა ოჯახის შერცხვენაა", ითხოვდა მოესმინათ მისთვის და აითაჯი დარჩენილიყო ალისთან ცოლად შერთვის მიზნით. აითაჯს უყვიროდა თუ უკან წამოხვალ თავი მომეჭრებაო. აითაჯი უსმენდა და ტიროდა. დედა და შვილო იძულები გახდნენ დათანხმებულიყვნენ. აითაჯი დარჩა ალისთან", - თქვა ახლიმ ნასლანოვმა.

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ადრეული ქორწინების 14 წლის მსხვერპლი მოძალადე "ქმარმა" ცეცხლსასროლი იარაღით 6 ოქტომბერს მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის ე.წ ქმარი 10 ოქტომბერს დააკავეს.

გარდა ამისა, დააკავეს აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა. ორივეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მათ ქორწინების იძულება და დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ ბრალად. 

 

მოგვიანებით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი დააკავეს. 


close დახურვა