logo
ENG



აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ბექა მინდიაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ

23 იან 202411:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/23/sbf3j9tyv605p8d.jpeg

აკადემიური სფეროს წარმომადგენლები სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელს, ბექა მინდიაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ. ერთობლივ განცხადებაში ისინი აღნიშნავენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები "არსებითად პოლიტიზებული და მცდარია", ხოლო ერთადერთ შედეგად დაპირისპირებასა და პიროვნული თუ ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ხელყოფას იწვევს.

"უპირველეს ყოვლისა, რელიგიის შესახებ საჯარო მსჯელობა, მათ შორის, თეოლოგიური დისკუსია, როგორი კრიტიკული და მწვავეც უნდა იყოს ის, წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტსა და სიმდიდრეს, რაც დაცულია აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებით და ხორციელდება პოლიტიკური ძალაუფლებისაგან ავტონომიურ რელიგიურ და აკადემიურ სივრცეებში. ამდენად, ხელისუფლების მიერ ამ დაცულ სივრცეთა კონტროლი, ადამიანის აზრისა თუ შეხედულებების ცენზურა და მათი გამოხატვის გამო ცალკეული პირებისა თუ ინსტიტუტების ეკლესიისა და სახელმწიფოს მტრებად მიჩნევა სეკულარიზმის იმ ფუნდამენტური პრინციპის ხელყოფაა, რომელიც საერთაშორისო აქტებთან ერთად, საქართველოს კონსტიტუციითაც არის გარანტირებული", - აღნიშნულია განცხადებაში.

აკადემიური სფეროს წარმომადგენლები მოუწოდებენ შალვა პაპუაშვილს სხვა უმაღლესი პოლიტიკური თუ საჯარო თანამდებობის პირებს, "უერთგულონ" ნაკისრ რელიგიური ნეიტრალიტეტისა და სეკულარიზმის პრინციპებს, თავი შეიკავონ ინტერრელიგიურ დიალოგებსა და შიდაკონფესიურ დისკუსიებში ჩარევისგან, პატივი სცენ რელიგიის ავტონომიურ სფეროს და პიროვნების აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებას.

"განსაკუთრებით შემაშფოთებელია ჩარევა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის საქმიანობაში, ხოლო მისი ხელმძღვანელის, ბატონ ბექა მინდიაშვილის გამოცხადება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფოს მტრად. დემოკრატიული სახელმწიფოს ხელისუფლებას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს სახალხო დამცველი წარმოადგენს დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტს, რომლის საქმიანობაშიც პირდაპირი პოლიტიკური შეჭრა და უხეში სახელისუფლებო კონტროლი არღვევს საქართველოს კონსტიტუციით ამ ინსტიტუტისათვის გარანტირებულ ავტონომიას და უკიდურესად მაღალ რისკებს უქმნის მის მანდატს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ხელმომწერები:

  • პროფ. არჩილ მეტრეველი, სამართლის დოქტორი
  • პროფ. დიმიტრი გეგენავა, სამართლის დოქტორი
  • პროფ. გიორგი გორაძე, სამართლის დოქტორი
  • პროფ. გოჩა ბარნოვი, თეოლოგიის დოქტორი
  • პროფ. ვაჟა ვარდიძე, თეოლოგიის დოქტორი
  • პროფ. თამარ გრძელიძე, თეოლოგიის დოქტორი
  • პროფ. ეკა ჭყოიძე, ფილოსოფიის დოქტორი
  • პროფ. სოფო ზვიადაძე, ფილოსოფიის დოქტორი
  • პროფ. ნუგზარ ბარდაველიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
  • პროფ. დავით თინიკაშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
  • ტატიანა კოპალეიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
  • მირიან გამრეკელაშვილი, თეოლოგიის დოქტორი
  • ზურაბ ჯაში, თეოლოგიის დოქტორი
  • გურამ ლურსმანაშვილი, თეოლოგიის მაგისტრი, ვენის უნივერსიტეტის დოქტორანტი
  • ალექსანდრე გაბუნია, თეოლოგიის მაგისტრი, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი
  • შოთა კინწურაშვილი, თეოლოგიის ლიცენციატი, მიუნხენის უნივერსიტეტის დოქტორანტი
  • მიხეილ ნებიერიძე, თეოლოგიის მაგისტრი, აიხშტადტის უნივერსიტეტის დოქტორანტი
  • ასისტ. ცისია ოქროპირიძე, სამართლის მაგისტრი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტი
  • ასისტ. თენგიზ თევზაძე, სამართლის მაგისტრი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტი
  • ჯამლათ გვიდიანი, სამართლის მაგისტრი (კიოლნის უნივერსიტეტი), სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტი
  • ქეთევან ბახტაძე, სამართლის მაგისტრი, საბაუნის მოწვეული ლექტორი
  • დავით ნებიერიძე, თეოლოგიის მაგისტრი, ათენის უნივერსიტეტი
  • გიორგი გონგლაძე, თეოლოგიის მაგისტრი, სულხან-საბას ორბელიანის უნივერისტეტის
  • ივანე შოშიაშვილი, თეოლოგი, ათენის უნივერსიტეტის მაგისტრანტი
  • გიორგი ლელუაშვილი, „ჰოლი ქროსის“ ბერძნული კოლეჯის მაგისტრანტი (ბოსტონი, აშშ)
  • ბექა ჭიჭინაძე, ისტორიკოსი, პარიზის კათოლიკური ინსტიტუტი
  • გიორგი გეგუჩაძე, თეოლოგი, ათენის უნივერსიტეტი
  • გურამ პაპავა, თეოლოგი, ათენის უნივერსიტეტი
  • რატი ბიგანიშვილი, თეოლოგი, ათენის უნივერსიტეტი

20 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვლმა ბექა მინდიაშვილი "რელიგიურ შეუწყნარებლობასა და რელიგიური ისტერიის გაღვივებაში" დაადანაშაულა. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა, რომ ცენტრი USAID-ის ერთ-ერთი პროგრამით ფინანსდება.


close დახურვა