logo
ENG



ალ-ასადის რეჟიმის დროს საზღვარგარეთ გაქცეული სირიელები სამშობლოში ბრუნდებიან

10 დეკ 202410:42
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/10/6hd6m9hi1wbop5o.jpg

უცხოური მედიის ინფორმაციითლიბანისა და თურქეთის საზღვართან რიგებია, რადგან ათასობით სირიელი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, სამშობლოში ბრუნდება.

მედიის ცნობით, მცირეა იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც პირიქით, ქვეყანას არეულობის შიშით ტოვებენ. ამასთან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისში აცხადებენ, რომ თუ სირიაში პოლიტიკური სტაბილურობა დადგება, 2025 წელს მოსალოდნელია სირიის იმ მოქალაქეების უფრო მასიური დაბრუნება, რომლებიც სამოქალაქო ომისა და პოლიტიკური რეპრესიების გამო, ქვეყნიდან იყვნენ გაქცეულები.

როგორც ცნობილია, სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება 2011 წლიდან დაიწყო, რის გამოც, ქვეყანა დაახლოებით 6,7 მილიონმა ადამიანმა დატოვა. დაახლოებით 3,7 მილიონი სირიელი ლტოლვილი თურქეთში, მილიონამდე ლიბანში და დაახლოებით ამდენივე იორდანიაში წავიდა. 

ნოემბრის ბოლოს სირიაში ალ-ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგე შეიარაღებული ჯგუფები გააქტიურდნენ. მათ რამდენიმე დიდი ქალაქი დაიკავეს. კვირას, 8 დეკემბერს ღამით, აჯანყებულებმა განაცხადეს, რომ სირიის დედაქალაქი დამასკო მათი კონტროლის ქვეშ იყო. 

რუსული სახელისუფლებო, პროპაგანდისტული გამოცემა RIA Novosti-ის ცნობით, ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახის წევრები, რომლებმაც დამასკო დატოვეს, მოსკოვში ჩავიდნენ.

პროპაგანდისტული მედია ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და ამბობს, რომ რუსეთმა ბაშარ ალ-ასადის თავშესაფარი ჰუმანიტარული მიზეზიდან გამომდინარე მისცა.

"სირიის პრეზიდენტი ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში ჩავიდნენ. რუსეთმა, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, მათ თავშესაფარი მისცა", - ამბობს წყარო.

მანამდე მედიაში სირიულ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობა, რომ სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-სადი, სავარაუდოდ, ავიაკატასტროფაში დაიღუპა. 


close დახურვა