logo
ENG



ალასანია: უზნეოა ყველანაირი კადრი, რომელიც ცდილობს აჩვენოს, რომ ჩემი შვილი ჯანმრთელია

16 თებ 202312:20
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება და ევროპარლამენტარებს მადლობას უხდის.

"ძალიან მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც მიიღო მონაწილეობა რეზოლუციის მიღებაში. ძალიან კარგია, რომ აფასებენ იმ წვლილს, რომელიც ჩემმა შვილმა შეიტანა საქართველოს დაახლოებაში ევროპასთან... ვფიქრობ, ყველაფერი ნელ-ნელა დალაგდება, უკრაინა გაიმარჯვებს, მსოფლიოში შეიქმნება ახალი უსაფრთხოების წესრიგი და ერთადერთი ის არის, რამდენად მოესწრება ჩემი შვილი ამ ყველაფერს", - ამბობს გიული ალასანია.

ის ასევე პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "უზნეოა ყველანაირი კადრი, რომელიც ცდილობს აჩვენოს, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელია".

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, "საზოგადოების ობიექტური ინფორმირების მიზნით" მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა. მათი ცნობით, გავრცელებული მასალა ბოლო თვეებშია გადაღებული, მათ შორის უკანასკნელი 9 თებერვალსაა გადაღებული.

"უზნეოა ყველანაირი კადრი, რომელიც ცდილობს აჩვენოს, რომ ჩემი შვილი არის ჯანმრთელი და არის კარგ მდგომარეობაში, იმიტომ რომ მე დავდივარ და ვხედავ, რომ ადამიანი დარჩა ცარიელი ძვალი და ტყავი", - ამბობს ალასანია.

15 თებერვალს ევროპარლამენტში მიიღეს რეზოლუცია, რომელიც მთავრობას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ. ამ ტექსტს მხარი 577-მა დეპუტატმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი იყო, ხოლო 26-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციაში საუბარია იმაზეც, რომ პატიმრებისადმი მოპყრობა იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს ხელისუფლებისთვის, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

რეზოლუცია შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათ აქვთ პასუხისმგებლობა უზრუნველყონ ყოფილი პრეზიდენტის კეთილდღეობა, გაუწიონ მას შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა და პატივი სცენ მის ფუნდამენტურ უფლებებსა და პიროვნულ ღირსებას, საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.


close დახურვა