მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ დღეს გონების დაკარგვის შემდეგ, ექსპრეზიდენტის მოსულიერება გაუჭირდათ. მისი თქმით, ეს, შესაძლოა, ნებისმიერ დროს განმეორდეს და ფატალურად დასრულდეს.
"დღეს კლინიკაში, სადაც არის მოთავსებული ჩემი შვილი, მიხეილ სააკაშვილი მან დაკარგა გონება და ეს იყო მეორე შემთხვევა, მეორე ძალიან მძიმე შემთხვევა გლდანის შემდეგ. შუალედში ამ ორ ეპიზოდს შორის, იყო პატარ-პატარა ეპიზოდი, მაგრამ იქ არ იყო ასეთი მძიმე მდგომარეობა. დღეს ძალიან გაუჭირდათ ადამიანის მოსულიერება, ჩაერთნენ ბადრაგები, აიყვანეს, იატაკზე იყო დაგდებული. ჩაუტარდა სათანადო ღონისძიებები და როგორც იქნა მოასულიერეს. მესამე შემთხვევა ნებისმიერ მომენტში შეიძლება განმეორდეს და დამთავრდეს ფატალურად.
ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს და ეს ის კი არ არის, რომ ჩემი შვილი აღარ იქნება, აღარ იქნება სახელმწიფო. წელში გადატყდება დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, რომლის მნიშვნელობაც აქ ნაკლებად ესმით. ეს არის საერთაშორისო მკვლელობა, საერთაშორისო მკვლელობა ხდება ყველას თვალწინ. მთელი მსოფლიო დგას ფეხზე, უამრავ გაზეთში დაიბეჭდა უკვე, უამრავი ტელევიზია აშუქებს ჩვენს ამ პრობლემას, მსოფლიო მასშტაბით ჩატარდა აქცია", - განაცხადა ალასანიამ.
დღეს პარლამენტის დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა - მისი თქმით, ხვალ ექსპრეზიდენტს ჩაუტარდება დიაგნოსტიკური გამოკვლევა, თუ რამ განაპირობა ეს.
ამასთან, დღეს ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორმა მაიკლ მაკფოლმა The Washington Post-ში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა. მაკფოლი მიიჩნევს, რომ ბაიდენმა და ევროპის ლიდერებმა სააკაშვილის სიკვდილი არ უნდა დაუშვან და მისი გადარჩენის მოთხოვნა უნდა წამოაყენონ.