პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას "ძალიან ზედაპირულს და არადამაჯერებელს" უწოდებს.
26 იანვარს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილზე ცენტრ ემპათიას დასკვნა სარწმუნო და უტყუარი არ არის.
გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი "ეტლში ზის, ორ ნაბიჯზეც ვერ გადაადგილდება".
"ჯერჯერობით ის, რაც მოვისმინე იყო ძალიან ზედაპირული და ძალიან არადამაჯერებელი ჩემთვის. ძალიან ბევრმა ექიმმა მოაწერა ამ დასკვნას ხელი და იმ ექიმებს მე ძალიან ვენდობი. მარტო ის ხომ არ არის, ჯიშკარიანი?! იქ მთელი ჯგუფი იყო ექიმების, რომლებსაც ძალიან კარგი რეპუტაცია აქვთ.
გვახსოვს, მიხეილ სააკაშვილი როგორ მდგომარეობაში შემოვიდა ამ დაწესებულებაში, ფეხზე იდგა, ნორმალური ადამიანი იყო. ახლა ეტლში ზის და ორ ნაბიჯზეც ვერ გადაადგილდება. გუშინ ძლივს ჩავსვი ეტლში", - თქვა ალასანიამ.
პირველ დეკემბერს ცენტრმა ემპათიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნაზე ისაუბრა.
ცენტრ ემპათიის განმარტებით, მათ მიერ სააკაშვილის შესახებ მომზადებული სამედიცინო დასკვნა 194-გვერდიანია და თან ახლავს 22 დანართი, რომლის მიხედვითაც სააკაშვილს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი - აქედან კი წამყვანია დაახლოებით 10 დიაგნოზი.
როგორც დასკვნაშია აღნიშნული, სააკაშვილს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზები (ნეირო - ფსიქიკური, გასტრო - ენტეროლოგიური, ასევე საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის, მხედველობის მხრივ), აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ესკორიაციები - ნაკაწრები - ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც, ვინაიდან თმის ნიმუშის ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში გამოვლენილი იქნა დოკუმენტირების ლიმიტზე მეტი Ba, Bi, Mercury (Hg). როგორც ცენტრში აცხადებენ, ეს ტოქსიკური ნივთიერებები საშიშია იმით, რომ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ზოგჯერ ფსიქიკური დარღვევები.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შეიძლება იმყოფებოდეს ამჟამად არსებულ დაწესებულებაში, ასევე პატიმრობის პირობებში, ვინაიდან შეუძლებლად მიაჩნიათ ამ დაწესებულებებში სრული ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება.
ექსპერტთა დასკვნებში მოყვანილია ფიზიკური და ფსიქოლოგიური არაადამიანური მოპყრობის ფაქტები და გამოსაკვლევი პირის მონათხრობები; მათ შორის, მოტყუება, იძულებით ჰოსპიტალიზაცია, კრიმინალური სუბკულტურის პატიმრების მხრიდან გამოსაკვლევი პირის დამცირება და სიცოცხლის მოსპობის მუქარა.