logo
ENG



ალასანია სააკაშვილზე: ვერ დადის სწორ ხაზზე, ასევე, მარჯვენა თვალი ვერ მიჰყვება

19 დეკ 202115:02
3 წუთის საკითხავი
 

გიული ალასანია შვილის გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს უჭირს სწორ ხაზზე სიარული და ასევე, "მარჯვენა მხარეს თვალი ვერ მიჰყვება".

გიული ალასანია ამბობს, რომ ეთანხმება კონსილიუმის დასკვნას და მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს რეაბილიტაციას. ასევე, მესამე პრეზიდენტის დედა ამბობს, რომ ძალიან ადრეა მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა.

"ვერ დადის სწორ ხაზზე, რომ გაატარებენ მარჯვენა მხარეზე, ვთქვათ იმ მომენტში თუ ვინმე არ იქნება, შეიძლება დაეცეს, ეს ხდება მარჯვენა მხარეს და კიდევ მზერა, რომ სინჯავენ მარჯვენა მხარეს, მარჯვენა თვალი ვერ მიჰყვება, სისუსტე აქვს, ეს ჩემი შთაბეჭდილებები რაც არის და დასკვნა აბსოლუტურად მისაღებია, გამოსავლად მიმაჩნია, რომ ნორმალური და შესაფერისი რეაბილიტაციაა საჭირო, არ ვიცი რამდენად უშველის ეს რეაბილიტაცია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამის გარეშე რომ ძალიან ცუდად იქნება საქმე ამ დასკვნიდან ჩანს, კონსილიუმმა ხომ დადო დასკვნა, მე მოვისმინე მათი გამოსვლები და ყველა ერთხმად იმეორებდა, რომ მისი გადაყვანა ჯერ ძალიან ადრეა და ამაზე ლაპარაკი ჯერ საერთოდ არ შეიძლება." - ამბობს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია.

გუშინ ცენტრმა ემპათიამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შემაჯამებელი დასკვნის ნაწილი გამოაქვეყნა.

სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების თანახმად, "არაეფექტური მკურნალობა-რეაბილიტაცია გამოიწვევს მდგომარეობის დამძიმებას, კერძოდ, დიდია კორსაკოვის სინდრომის ჩამოყალიბების რისკი, რაც გამოიწვევს პაციენტის ინვალიდიზაციას".

იუსტიციის მინისტი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ექნებათ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დასკვნა, სააკაშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.

სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს აქვს ნევროლოგიური და ფსიქიკური პათოლოგიები, მათ შორის, ზომიერიდან მძიმემდე დეპრესია და პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა. 

ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას განცხადებით, კონსილიუმმა 12 დეკემბერს მოინახულა მიხეილ სააკაშვილი გორში, მათ სრულყოფილად გასინჯეს პაციენტი და გაეცნენ სამედიცინო ჩანაწერებს.

ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებიდან 19 ნოემბერს გადაიყვანეს.

 

close დახურვა