იუსტიციის მინისტი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ექნებათ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დასკვნა, სააკაშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.
"როდესაც ჩვენ გვექნება შესაბიმისი სამედიცინო დასკვნა და სამედიცინო პერსონალის თანხმობა, [მიხეილ სააკაშვილი] გადაყვანილი იქნება, როგორც უკვე ბევრჯერ განვაცხადეთ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-12 დაწესებულებაში, რუსთავში, სადაც თავიდან იყო შესახლებული." - ამბობს რატი ბრეგაძე მინისტრის საათის დროს.
სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს აქვს ნევროლოგიური და ფსიქიკური პათოლოგიები, მათ შორის, ზომიერიდან მძიმემდე დეპრესია და პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა.
ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას განცხადებით, კონსილიუმმა 12 დეკემბერს მოინახულა მიხეილ სააკაშვილი გორში, მათ სრულყოფილად გასინჯეს პაციენტი და გაეცნენ სამედიცინო ჩანაწერებს.
ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებიდან 19 ნოემბერს გადაიყვანეს.