„თქვენ ალბათ რუსეთი გგონიათ ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც შეგიძლიათ ყველაფერი ფულით მოაგვაროთ“, - ასე მიმართა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ქართული ოცნების“ ლიდერებს.
ვაშაძემ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ნაწილის შესაძლო შეჩერებასა და იმ მოთხოვნებზე ისაუბრა, რაზეც კონგრესის განცხადებაშია საუბარი.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, სტრატეგიული პარტნიორის მოწოდებების გათვალისწინების ნაცვლად, მმართველმა გუნდმა კონგრესსა და სენატს „საკუთარი ლობისტების არმია შეასია“, რის გამოც, უფრო მკაცრი პასუხი მიიღო.
ვაშაძე ელის, რომ კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტი წარმოდგენილ დოკუმენტს მხარს დაუჭერს.
„ქართულმა ოცნებამ“ კონგრესის მიერ გავრცელებული პირველი ინფორმაციის შემდეგ, სადაც საქართველოზე სანქციებზე იყო საუბარი, საკუთარი ლობისტური კომპანიების არმია შეასია კონგრესს და სენატს და აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანების მთავარი არგუმენტი იყო, რომ ზოგადი ფრაზეოლოგია არისო მოხსენიებული საქართველოსთან დაკავშირებულ კრიტიკაში. ამის საპასუხოდ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კიდევ უფრო მკაცრი შესწორებები იმ დოკუმენტში, რომელიც დამტკიცდება უკვე საბიუჯეტო კომიტეტზე და ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად წყალი არ გაუვა, მიიღებს საბოლოო ჯამში საბიუჯეტო დოკუმენტთან ერთად კონგრესი და სენატი“, - აღნიშნა ვაშაძემ.
მან მმართველ გუნდს აშშ-ს მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო სანქციებში მოხვდება.
„ქართულო ცნებას ჰქონდა არჩევანი, რომ პროგრესი ეჩვენებინა და ეთქვა, რომ რაღაცას გამოვასწორებ. მათ აირჩიეს სხვა გზა, ეგონათ ფულით კონგრესში ან სენატში რამეს გადაწყვეტდა. მინდა მივმართო ივანიშვილს, გახარია, „ოცნების“ ლიდერებს, თქვენ ალბათ რუსეთი გგონიათ ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც შეგიძლიათ ყველაფერი ფულით მოაგვაროთ. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართველ ხალხს და არ მოგცემთ დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვის შესაძლებლობას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების 15%-ის შესაძლო შეჩერების საკითხზე, დამატებით განმარტებებს აკეთებს. შტატების საკანონმდებლო ორგანო იმ ვალდებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს იმისათვის, რომ დახმარება 132 მილიონიანი პაკეტი სრულად მიიღოს.