შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯომარე ალეკო ელისაშვილი მამალაძის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.
ელისაშვილის თქმით, სინოდმა პრეზიდენტი რთულ ვითარებაში ჩააყენა, ვინაიდან მამალაძის შეწყალების შემთხვევაში, მან უარი უნდა განაცხადოს მორატორიუმზე, რომელიც 28 აგვისტოს სკანდალური შეწყალების შემდეგ გამოაცხადა. ასევე, ელისაშვილის განცხადებით, ის არის მამალაძის შეწყალების მომხრე.
„ფაქტია, რომ სინოდმა მიმართა პრეზიდენტს, რათა გამონაკლისის წესით მოხდეს შეწყალება, მე პირადად ვარ მომხრე, რომ მამალაძის შეწყალება მოხდეს და მე რომ შეწყალების კომისიაში ვიყო, დადებით რეკომენდაციას მივცემდი ამას, თუმცა თუ მამალაძეს შეიწყალებს, ნიშნავს იმას, რომ ის იმ სულელურ მორატორიუმს არღვევს და თუ ერთი ადამიანისთვის დაარღვევს მორატორიუმს, მაშინ მან სხვებთან დაკავშირებითაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ელისაშვილმა ასევე ისაუბრა სკანდალური შეწყალებების საკითხზე. მისი თქმით, ამ თემაზე აუცილებელია პრეზიდენტის დაკითხვა, თუმცა მისივე თქმით, ის არ ენდობა პროკურატურას და საქმეს მის გუნდთან ერთად პარალელურად იძიებს. ელისაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის გარემოცვაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი შეწყალების საქმეში.
„აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ შეიძლება არ დაკითხო ერთ-ერთი მთავარი ფიგურატი საქმის, სადაც დიდი ალბათობით არის კორუფცია და კორუფციის გამო გამოვიდნენ ეს ადამიანები შეწყალებით. უკვე გამოიკვეთა ადამიანი, ვინც რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით იყო საქმის მომგვარებელი და დიდი ალბათობით მან ამის გამო სოლიდური თანხაც აიღო, სულ რამდენიმე ნაწილიღა დაგვრჩა, მოზაიკის სურათი რომ ავაწყოთ, თუმცა ნათელია ჩემთვის, რომ ერთი ადამიანი იყო დაინტერესებული რამდენიმე ადამიანის შეწყალებით და ეს ადამიანი არის ზურაბიშვილის გარემოცვის წევრი“, - განაცხადა ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილის თქმით, ის მხარს უჭერს „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. მისი თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რატომ მოხვდნენ 28 აგვისტოს შეწყალების სიაში მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირები.