ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური პარტიის შექმნას აანონსებს. საკუთარი გეგმების შესახებ მან ფეისბუქის პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
"დღეს, 2020 წლის 26 მაისია და ახლა ამ წუთას და ამ წამს, ჩემს საჯარო ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი წამებია: მე, ალეკო ელისაშვილმა უნდა ვუთხრა ქართულ საზოგადოებას, რომ ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის 102-ე და მერაბ კოსტავას დაბადებიდან 81-ე წელიწადს, პოლიტიკაში მარტოდმარტო ბრძოლის შემდეგ, უნდა შევქმნა პოლიტიკური პარტია, არა უკვე არსებულ პარტიებს შორის კიდევ ერთი, დამატებითი, არამედ პირველი პარტია, რომელიც ყოველგვარი პარტიული ინტერესებზე წინ დააყენებს საქართველოს სახელმწიფოს და მისი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას, რადგან ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაა ჩემი პირველი და უკანასკნელი სურვილი.
ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ აქამდე არსებული წესი ხალხზე თავზე მოჯდომის და ხალხის თავმჯდომარეობის, ხალხის სამსახურად იქცეს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რაც აქამდე წესად იყო პოლიტიკაში, ის იყოს სამარცხვინო! არ დავუშვებთ პრივილეგიებს პოლიტიკაში, არ დავუშვებ სახელმწიფოს სახელით, ხალხის გაღატაკებას. ვქმნი პირველ პარტიას, რომლის გარჯითაც ნიკო ნიკოლაძე, დიმიტრი ყიფიანი და ექვთიმე თაყაიშვილი იამაყებდნენ! მერაბ კოსტავა იამაყებდა! ვქმნით პარტიას რათა თავდაუზოგავი შრომით ჩვენ ვიხილოთ მდიდარი და ერთიანი საქართველო! გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებელ დღეს!", - განაცხადა ელისაშვილმა.