logo
ENG



ალეკო ელისაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს

05 დეკ 202420:07
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/05/m8tj8sxgz6jpm5w.jpg

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს. აღნიშნული ინფორმაცია ფორმულას დაკავებულის ცოლმა დაუდასტურა.

როგორც ცნობილია, ალეკო ელისაშვილი არის ნაცემი და აღენიშნება დაზიანებები.

როგორც ალეკო ელისაშვილის მეუღლემ, ირინა კილასონიძემ აღნიშნა, "იტკიებს ზურგს და სავარაუდოდ, ნეკნი აქვს გატეხილი".

ამ დროისთვის, ელისაშვილს კვლევები უტარდება, სახეზე აქვს სისხლნაჟღენთები და ნაკაწრები.

 ***

4 დეკემბერს, ალეკო ელისაშვილი დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გამოძიება მიმდინარეობს 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ძალადობით, ან ძალადობის მუქარით ჩადენილ დევნას გულისხმობს.

5 დეკემბერს, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დაკავებაზე აღნიშნა, რომ მის მიმართ პოლიციელებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს.

"შემაშფოთებელია ის მეთოდები, რომელსაც სამართალდამცველები იყენებენ მოქალაქეების დაკავების დროს. საგანგაშოდ ბევრი დაკავებული მიუთითებს ცემასა და არასათანადო მოპყრობაზე. მათი მითითების მიღმა მედიით გავრცელებულ კადრებშიც ცხადად ჩანს.

ცალკე მინდა გამოვყო ალეკო ელისაშვილის მიმართ პოლიციელების მხრიდან მისი დაკავებისას განხორციელებული არაპროპორციული ძალა. ჩვენ ის გუშინვე მოვინახულეთ. მას აღენიშნება დაზიანებები სახის არეში, სისხლნაჟღენთებისა და ნაკაწრების სახით. ამასთან, იგი მიუთითებს ცემის შედეგად ზურგის არეში მიღებული ტრავმის შესახებ. 

ალეკო ელისაშვილის მიმართ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის თაობაზე უკვე ვაცნობეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, აღნიშნული გამოძიების მონიტორინგს განახორციელებს სახალხო დამცველის აპარატი", - განაცხადა სახალხო დამცველმა


close დახურვა