დღეიდან ზუგდიდისა და ფოთის ბაზრები დაიხურება. ეს გადაწყვეტილება დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ, რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
გუბერნატორის განმარტებით, ის რაც ბოლო რამდენიმე დღეა რეგიონში ხდება, არის უპასუხისმგებლობა.
"მე დღეს ვიმყოფებოდი ფოთში, სენაკში, ახლა ვარ ზუგდიდში და სამწუხარო რეალობა გვაქვს. მიუხედავად პაატა იმნაძის განცხადებისა, ნაკადი არათუ შეწყდა და შემცირდა, არამედ - მოიმატა. როგორც ავტომობილების, ასევე მოქალაქეების. ყოვლად წარმოუდგენელია, ის, რაც მოხდა დღეს ზუგდიდის ბაზარში. მიუხედავად პოლიციის მობილიზაციისა, მუნიციპალიტეტის მობილიზაციისა, პროცესი შეიქმნა უმართვი. მინდა ბოდიში მოვუხადო იმ მეწარმეებს, ვინც დღეს დარჩა დაზარალებული იმის გამო, რომ მოქალაქეებმა დისტანციის დაცვაზე განაცხადეს უარი. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა ყველას მიმართ. იძულებულნი გავხდით, რომ დაგვეწყო ბაზრის დახურვის პროცესი. დაიხურება, როგორც ზუგდიდის ბაზარი, ასევე, ფოთის ბაზარიც", - განაცხადა გუბერნატორმა.
მოწერელიას თქმით, მოქალაქეები აუცილებლობის გარეშე გადაადგილდებიან, სწორედ, ამ გაუფრთხილებლობამ შექმნა ქალაქში უმძიმესი ვითარება.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ბაზრის ნაწილის გახსნის გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ 5 დღის წინ მიიღო. აღნიშულმა გადაწყვეტილებამ, ქალაქში საცობები, ხოლო ბაზრის შესასვლელთან რიგები გამოიწვია. ზუგდიდის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტუაციის კონტროლს სამართალდამცავები ახდენდნენ. წესრიგის დარღვევისთვის, პოლიციამ არაერთი მოქალაქე დააჯარიმა.