შესაძლოა, სხვა დიდ ქალაქებთან ერთად, ზუგდიდიც ჩაიკეტოს. ამის შესახებ განცხადება, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.
მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები არ დაიცავენ რეკომენდაციებს და ქალაქში უწესრიგობა გაგრძელდება, შესაძლოა ზუგდიდის ჩაკეტვაც გახდეს აუცილებელი.
"ვითარება ძალიან სწრაფად იცვლება და გამორიცხული არაფერია. არის ქალაქში ხალხმრავლობა და მოურიდებლობა. მე ისევ ვთხოვ მოსახლეობას, ნუ გამოგვაყენებინებენ პოლიციის რესურს იმ საკითხებზე ,რისი მოწესრიგება თვითონაც შეუძლიათ", - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა. მოწერელიამ ასევე ყურადღება გაამახვილა სასაფლაოების დახურვის აუცილებლობაზე.
როგორც გუბერნატორი განმარტავს, სახელმწიფოს ინტერესი არ არის შეზღუდვები, თუმცა, მოქალაქეების მხრიდან უპასუხისმგებლო ქმედებებმა, შესაძლოა სასაფლაოების დახურვა გამოიწვიოს.
"რაც შეეხება სასაფლაოებს, სასაფლაოები დაიკეტება იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდება მსგავსი ხალხმრავლობები და გადაადგილებები. ჩვენ არ გვინდა ამის გაკეთება, სახელმწიფოს ინტერესი არ არის შეზღუდვები, მაგრამ სამწუხაროდ, ზოგიერთი მოქალაქე იქცევა უპასუხისმგებლოდ", - განმარტა მოწერელიამ
. ცნობისთვის, დღეს მთელი დღის განმავლობაში ზუგდიდის ქუჩები ავტომობილების სიმრავლით გამოირჩეოდა. ბაზართნ კი წესრიგის დამყარება სამართალდამცველებს მოუწიათ. დაიწერა არაერთი ჯარიმაც.
შეგახსენებთ, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.