logo
ENG



ალიევი: აზერბაიჯანის ძლევამოსილმა ჯარმა კიდევ 8 სოფელი გაათავისუფლა, ყარაბაღი აზერბაიჯანია!

14 ოქტ 202017:56
3 წუთის საკითხავი
 
3c8r5b2z9g8pzu8.jpg

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანულმა სამხედრო ძალებმა დღეს "სომხეთის ოკუპაციისგან კიდევ 8 სოფელი გაათავისუფლეს". 

"აზერბაიჯანის ძლევამოსილმა არმიამ გაათავისუფლა გარადაღლის, ხათუნბულაგის, გარაკოლუს, ბულუთანის, მელიქჯანლის, ქემერტუკის, ტეკეს და თაგასერის სოფლები. დიდება აზერბაიჯანის არმიას. ყარაბაღი აზერბაიჯანია", - დაწერა ალიევმა ტვიტერზე. 

27 სექტემბრიდან დაწყებული სამხედრო კონფლიქტის შემდეგ აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა 30 სოფელი აიღეს. 

დღეს, 14 ოქტომბერს სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა 7-დან 5 ტერიტორიის დათმობა და ყარაბაღის აზერბაიჯანის ტერიტორიად გამოცხადება მოსთხოვა.

"ეს იმას ნიშნავს, რომ ტერიტორიების დათმობას გვთხოვენ არა სტატუსის, არამედ მშვიდობის სანაცვლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აზერბაიჯანი იმუქრება, რომ საკითხს ომის გზით გადაჭრის. ჩვენი მთავრობა უარს ამბობს საკითხი ამგვარად განიხილოს, რადგან ეს ჩვენთვის მიუღებელია", – თქვა ფაშინიანმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანს სამხედრო კონფლიქტში თურქეთი შეიარაღებით ეხმარება. 

მიუხედავად იმისა, რომ 10 ოქტომბერს, მოსკოვში სერგეი ლავროვის შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებაზე, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, შეთანხმება იმავე დღეს, რამდენიმე საათში დაირღვა. 

ორივე მხარე შეთანხმების დარღვევასა და კონფლიქტის განახლებაში ერთმანეთს ადანაშაულებს.

მთიანი ყარაბაღის რეგიონში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან მიმდინარეობდა. დაიღუპა ასობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე.  

 


close დახურვა